პირადი კონტრაქტი შეათანხმა | ალისონი იუვენტუსში გადასასვლელად მზადაა
„ლივერპულის“ მეკარეს, ალისონ ბეკერს, „იუვენტუსს“ აქტიურად უკავშირებენ. ცნობილმა სატრანსფერო ექსპერტმა, ნიკოლო სკირამ, ამ თემაზე ახალი ინფორმაცია გაავრცელა და დაწერა, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი იტალიაში გადასასვლელად მზად არის.
სკირას ცნობით, ალისონმა „ბებერ ქალბატონთან“ პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. 33 წლის გოლკიპერი 2029 წლის ზაფხულამდე გათვლილ ხელშეკრულებას დათანხმდა და მისი ყოველწლიური ანაზღაურება 5 მილიონი ევროს ოდენობის იქნება.
ალისონისგან დადებითი პასუხის შემდეგ „ბიანკონერიმ“ „ლივერპულის“ დასაყოლიებლად მუშაობა დაიწყო. მერსისაიდელებს ჯერ არ გადაუწყვეტიათ, ბრაზილიელი მეკარე გაუშვან თუ არა, თუმცა მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რაც ნიშნავს, რომ „წითლები“ ყველა ვარიანტს განიხილავენ.
ალისონს კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. იგი გიორგი მამარდაშვილის კონკურენტია, თუმცა არის შანსი, ალისონის გაშვება საკმარისი მაინც არ აღმოჩნდეს იმისთვის, რომ „მამარდა“ „ლივერპულის“ მთავარი მეკარე გახდეს. საქმე ისაა, რომ ბოლო პერიოდში „წითლებს“ დიოგუ კოშტას უკავშირებენ და შესაძლოა, ალისონის შემცვლელად სწორედ კოშტა მოიყვანონ.