შერმადინის 10 ქულა | ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვერ გავიდა
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გიორგი შერმადინის „ლაგუნა ტენერიფე“ ვილნიუსის „რიტასს“ დაუპირისპირდა. ქართველი კალათბურთელის გუნდი ფინალში ვერ გავიდა და უშანსოდ — 69:87 დამარცხდა.
„ლაგუნა ტენერიფემ“ ყველა მეოთხედი წააგო. „რიტასმა“ პირველი ტაიმი 40:34 მოიგო. მესამე მეოთხედში ლიეტუველთა უპირატესობა 9 ქულამდე გაიზარდა, ბოლო პერიოდი კი „რიტასმა“ 25:16 მოიგო და ფინალის საგზური მოიპოვა.
შერმადინმა პარკეტზე 21 წუთი და 40 წამი გაატარა. ამ დროის განმავლობაში მისი მონაგარი 10 ქულა, 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა იყო. გიორგიმ 7-დან 4 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო სროლა გამოიყენა. მის გუნდში ყველაზე მეტი — 21 ქულა მარსელინო უერტასმა ჩააგდო, ხოლო ფრან გერამ 13 ქულა დააგროვა.
ცნობისთვის, „ლაგუნა ტენერიფე“ მესამე ადგილისთვის ითამაშებს. მისი მეტოქე „უნიკახასა“ და „აეკის“ წყვილს შორის დამარცხებული გუნდი იქნება.