აურზაური ორი სადავო ეპიზოდის გამო - ბაიერნი-პსჟ-ის სუპერმატჩის საინტერესო ფაქტები
„ბაიერნი“ – „პსჟ“-ის ნახევარფინალური დაპირისპირება უზომოდ რეზონანსული გამოდგა და დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ისევე როგორც ყველა სუპერმატჩების დროს, ამჯერადაც იყო გამახვილებული ყურადღება არბიტრის შეცდომებზე და განსაკუთრებული აურზაური გუშინდელ თამაშში პორტუგალიელი მსაჯის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა გამოიწვია. ითქვა და დაიწერა, ზოგმა დეტალურადაც განმარტა არსებული წესები, რის გამოც ჟოაუ ნევეშის ხელით თამაშის გამო „სენ-ჟერმენის“ კარში პენალტი არ დაინიშნა, თუმცა ეს ყველაფერი გერმანული გრანდის პროტესტს ოდნავადაც ვერ ანელებს.
მიუნხენელები არდანიშნული 11-მეტრიანის გარდა, ნუნო მენდეშის ეპიზოდსაც აპროტესტებდნენ, რომელიც მათი აზრით მეორე ყვითელ ბარათს და გაძევებას იმსახურებდა. ქვემოთ თქვენს ყურადღებას ამ სუპერშეხვედრასთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტების გარდა, სადავო ეპიზოდების გამოხმაურებაზეც გავამახვილებთ.
თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ პსჟ-ის სწრაფმა გოლმა მასპინძლებზე დამთრგუნველად იმოქმედა - მართალია პირველ ტაიმში მიუნხენელებმა 9-ჯერ დაარტყეს, მაგრამ ბურთი კარში მხოლოდ ერთხელ წავიდა და ერთი კუთხურიც ვერ მოიპოვეს, მაშინ როდესაც პარიზელებმა ოთხი ჩააწოდეს.
ჟოაუ ნევეშის ხელით თამაშზე არდანიშნულ პენალტზე წარსულში ცნობილმა გერმანელმა არბიტრმა მანუელ გრაფემ ასეთი კომენტარი გააკეთა: „ეს ყველაფერი უკვე ნამდვილ ცირკს ემსგავსება. ბურთს ხელი პირდაპირ გზაზე ეღობება და გაშლილია მხრის დონეზე. ასპროცენტიანი პენალტია განსაკუთრებით იმ უსამართლობების ფონზე, რომელიც პარიზულ მატჩში „ბაიერნთან“ მიმართებაში მოხდა“.
ამ მატჩამდე „ბაიერნი“ ერთადერთი კლუბი იყო ევროპაში, რომელსაც ტრიპლეტის შესრულების შანსი ჰქონდა, თუმცა პსჟ-მა „რეკორდმაისტერს“ ამის გაკეთების საშუალება მოუსპო. ბოლოს მიუნხენელებმა ჩემპიონთა ლიგის ფინალი 2020 წელს ითამაშეს და სწორედ „სენ-ჟერმენი“ დაამარცხეს. მას შემდეგ გერმანული გრანდი ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირს ორჯერ ნახევარფინალურ, ოთხჯერ კი მეოთხედფინალურ სტადიაზე დაემშვიდობა. ტრიპლეტის არა, მაგრამ ბავარიას ოქროს დუბლის შესაძლებლობა ჯერ კიდევ აქვს და ამას გააკეთებს, თუ გერმანიის თასის ფინალში „შტუტგარტს“ დაამარცხებს.
„ბაიერნს“ დაკარგული იმედი არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში ჰარი კეინმა დაუბრუნა, რომელმაც გოლი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეშვიდე შეხვედრაში გაიტანა. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი ინგლისელმა ფორვარდმა 14 მატჩში გატანილი 14 ბურთით დატოვა, სულ კი წელს ყველა ტურნირზე რეკორდმაისტერის რიგებში მის აქტივში 48 შეხვედრაში 55 გოლია.
„პარი სენ ჟერმენი“ ზედიზედ მეორედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ოცდამეერთე საუკუნეში ამის გაკეთება მხოლოდ „ვალენსიამ“, „რეალმა“, „ლივერპულმა“, „ბაიერნმა“ და „მანჩესტერ იუნაიტედმა“ შეძლეს, მათგან ტიტულის დაცვა კი მხოლოდ სამეფო კლუბმა მოახერხა. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი პარიზულ კლუბზე - კილიან მბაპეს წასვლის შემდეგ „სენ-ჟერმენი“ ზედიზედ ორჯერ გავიდა ფინალში, მბაპეთი გაძლიერებული „რეალი“ კი ზედიზედ მეორე სეზონია გათამაშებას მეოთხედფინალურ ეტაპზე ასრულებს.
ჯანლუიჯი დონარუმას გაშვების გამო ლუის ენრიკეს ბევრს საყვედურობდნენ, თუმცა ფაქტია, რომ ლუკა შევალიე თუ არა, მატვეი საფონოვი მაინც დაკისრებულ მოვალეობას თავს არაჩვეულებრივად ართმევს. „ბაიერნის“ 6 დარტყმიდან რუსმა მეკარემ 5 მოიგერია, მთლიანობაში კი წელს ლიგაში გამართულ 10 მატჩში 12 გოლი გაუშვა და საკუთარი კარი მშრალად 4-ჯერ შეინახა.
„პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის პირველი კლუბია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში სამჯერ გავიდა. აქამდე ამის გაკეთება ორჯერ „მარსელმა“ და „რეიმსმა“, ხოლო „მონაკომ“ და „სენტ ეტიენმა“ ერთხელ შეძლეს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში ლიგა 1-ის წარმომადგენელი პრემიერლიგის კლუბს პირველად დაუპირისპირდება.
საკამათო გადაწყვეტილებებზე კომენტარი „ბაიერნის“ გენერალურმა დირექტორმა, იან-კრისტიან დრეზენმაც გააკეთა, რომელმაც ამ შემთხვევაში ჟოაუ პედრუ პინეიროზე უფრო მეტად უეფას ბრალეულობაზე ისაუბრა: „თვითონ ის ფაქტი, რომ ასეთი დონის შეხვედრის მთავარ არბიტრად ნიშნავ მსაჯს, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაში მხოლოდ 15-მატჩიანი გამოცდილება აქვს, როგორც მინიმუმ გასაკვირია და შესაძლოა ამითაც აიხსნება მისი საეჭვო საქციელი“.
კიდევ ერთი ყოფილი არბიტრი პაველ ფერნანდესი, რომელიც ყურადღებას პორტუგალიელი მსაჯის შეცდომებზე ამახვილებს: „28-ე წუთი. „ბაიერნი“ ითხოვს ნუნო მენდეშზე ხელით თამაშის გამო მეორე ყვითელი ბარათის მიცემას, მაგრამ არბიტრი იქამდე ლაიმერის ხელით თამაშზე მიუთითებს, რომლის არც ერთი გამეორებაც მატჩის მიმდინარეობისას არ აჩვენეს“. მოგვიანებით ფერნანდესი ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრად იმყოფებოდა და თქვა: „ახლა Movistar-ის კადრები ვნახე და ლაიმერზე ხელით თამაში არ ყოფილა, ასე რომ სავსებით შესაძლებელი იყო „სენ-ჟერმენს“ ერთი საათი რიცხობრივ უმცირესობაში გაეტარებინა“.
ჩემპიონთა ლიგის/თასის ისტორიაში პირველად ხდება, რომ ფინალში ერთმანეთს ესპანელი მწვრთნელები დაუპირისპირდებიან. ერთი ქვეყნის სპეციალისტების გზები გადამწყვეტ მატჩებში აქამდე ხუთჯერ გადაიკვეთა. „ნოტინგემი“ – „მალმეს“ მატჩში ურთიერთობა ინგლისელებმა ბრაიან კლაფმა და ბობ ჰაფტონმა გაარკვიეს, „მილანი“ – „იუვენტუსის“ ფინალში საუკეთესოს ვინაობა მარჩელო ლიპისა და კარლო ანჩელოტის დუელში გაირკვა, „ბაიერნი“ – „დორტმუნდის“ ფინალისას ამ გუნდებს იუპ ჰაინკესი და იურგენ კლოპი ხელმძღვანელობდნენ, ხოლო მოგვიანებით გერმანელები კიდევ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს და ჰანსი ფლიკმა ტომას ტუხელს აჯობა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ პსჟ-ის მფლობელი ნასერ ალ-ხელაიფი უზომოდ გახარებული იყო და არ დამალა, რომ ამაყობს ლუის ენრიკეთი, რადგან მან რევოლუცია არამხოლოდ მის კლუბში, არამედ თანამედროვე ფეხბურთში მოახდინა და ესპანელს მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი უწოდა.
პსჟ-ის მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორმა უსმან დემბელემ კი დღეს დილით ინსტაგრამზე თავისი ყოფილი თანაგუნდელის, პაბლო გავის პრესკონფერენცია გააზიარა, სადაც ახალგაზრდა ესპანელი ნახევარმცველი კრიტიკოსებს ასე პასუხობდა: „ბევრი ფიქრობს, რომ მე ფეხბურთის თამაში არ შემიძლია, მაგრამ ისინი საერთოდ ვერაფერში ვერ ერკვევიან“. ფრანგმა ამ ვიდეოთი პარალელი საკუთარ სიტუაციასთან გაავლო, რომელსაც ორი წლის წინ ყველას დასცინოდა, თუმცა წინა სეზონში „ოქროს ბურთი“ მოიგო და წელსაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა.
გუშინდელი ბრწყინვალე მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ მოპოვების კანდიდატებს შორის საუკეთესო ხუთეულში შევიდა, ლამინ იამალს გაუსწრო, მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა და ახლა მხოლოდ ჰარი კეინს, მაიკლ ოლისეს, დეკლან რაისსა და უსმან დემბელეს ჩამორჩება.
საყვარელი კლუბის ფინალში გასვლით გახარებულმა „პარი სენ-ჟერმენის“ ქომაგებმა გუშინ ღამით საფრანგეთის დედაქალაქში ზღვარგადასული ზეიმი მოაწყვეს და როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა განაცხადა, 127 ადამიანია დაპატიმრებული, მათ შორის 11 დაშავდა, ხოლო 23-მა პოლიციელმა მსუბუქი დაზიანება მიიღო.