დიდი ორეული დიდი სამეულის შემდეგ - ახალი ეპოქა ჩოგბურთში
კარლოს ალკარასი და იანიკ სინერი ბოლო პერიოდში მსოფლიო ჩოგბურთის ნამდვილი დომინანტები არიან, რაზეც შედეგებიც კარგად მეტყველებს - უკანასკნელი რვა დიდი სლემის განმავლობაში ჩემპიონი მათ გარდა არავინ გამხდარა. ესპანელი და იტალიელი ლიდერობს ტოპ-ათეულის წევრებთან მოპოვებული გამარჯვებების, ფინალებისა და მოგებული მატჩების რაოდენობით. როგორც ერთმა, ასევე მეორემ მსოფლიო რეიტინგში 10-ათას ქულიან ზღვარს მიაღწია, რისი გაკეთებაც უახლოეს წარსულში მხოლოდ დიდი სამეულის წევრებმა, როჯერ ფედერერმა, რაფაელ ნადალმა და ნოვაკ ჯოკოვიჩმა შეძლეს.
როგორც უკვე მოგახსენეთ, ამა თუ იმ ფინალის ალკარასის, ან სინერის გარეშე წარმოდგენა შეუძლებელია და ბოლო ხუთი ტურნირია ტიტულისთვის სწორედ ისინი იბრძვიან. მათი შედეგები რა თქმა უნდა შთამბეჭდავია, მაგრამ კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახდება, თუ გავიხსენებთ იმას, რომ კარლოსი ჯერ მხოლოდ ოცდაორის, ხოლო იანიკი ოცდაოთხი წლისაა.
გასულ კვირაში ესპანელმა ტოკიოს, ხოლო იტალიელმა პეკინის 500-იანი ტურნირი მოიგო, რაშიც პრინციპში ეჭვი არავის ეპარებოდა და ეს მიუხედავად იმისა, რომ შეჯიბრებისთვის ასი პროცენტით მზად არც ერთი არ ყოფილა, რადგან ალკარასს კოჭის ტრავმა, ხოლო სინერის დიარეა აწუხებდა, მაგრამ კარლოსმა და იანიკმაც ფინალებში ისე გაიმარჯვეს, რომ ერთი სეტიც არ დაუთმიათ.
ალბათ ბევრს დაავიწყდა, თუ როდის და ვინ მოიგო ბოლოს დიდი სლემი ამ ჩოგბურთელების გარდა - ეს 2023 წლის ამერიკის ღია პირველობაზე მოხდა, რომელიც ნოვაკ ჯოკოვიჩის ტრიუმფით დასრულდა. მას შემდეგ ალკარასი-სინერის დუეტი არავის არაფერს უთმობს და ჩოგბურთის ისტორიაში მხოლოდ სამჯერ მოხდა ისეთი შემთხვევა, როდესაც ზედიზედ რვა დიდი სლემი ორი ჩოგბურთელის გარდა არავის მოუგია. ამის გაკეთება 2005 წლის როლან გაროსიდან 2007 წლის ამერიკის ღია პირველობამდე როჯერ ფედერერმა და რაფაელ ნადალმა, 2010 წლის როლან გაროსიდან 2012 წლის როლან გაროსამდე რაფაელ ნადალმა და ნოვაკ ჯოკოვიჩმა და 2018 წლის როლან გაროსიდან 2020 წლის როლან გაროსამდე იმავე რაფამ და ნოლემ მოახერხეს.
თუ შარშან იანიკ სინერის წელი იყო, 2025-ში ფენომენალურ შედეგებს კარლოს ალკარასი აღწევს. 2024-ში იანიკმა მხოლოდ 6 მატჩი დათმო და თამაშების 92 პროცენტი თავის სასარგებლოდ დაასრულა. 92-პროცენტიანი მოგებათა მაჩვენებელი აქვს კარლოსს 2025 წელს, რომელმაც ტოპ-ათეულის წარმომადგენლებთან 13 შეხვედრა მოიგო, ხოლო შარშან სინერმა - 18. მხოლოდ დიდი სლემის შეჯიბრებებში 2024 წელს სინერმა - 23, ალკარასმა კი 19 მატჩი მოიგო. რაც შეეხება წლევანდელ შედეგებს, ესპანელის ანგარიშზე 24 მოგებაა, იტალიელის აქტივში კი 26 გამარჯვება.
2025 წელს გამართულ მხოლოდ იმ ტურნირებს თუ მივიღებთ მხედველობაში, სადაც ისინი მონაწილეობდნენ, ბოლო ხუთი შეჯიბრება მათი ფინალით მთავრდება. სინერისა და ალკარასის გზები რომის მასტერსზე, როლან გაროსზე, უიმბლდონზე, ცინცინატის მასტერსსა და ამერიკის ღია პირველობაზე გადაიკვეთა. მსგავსი შედეგი აქამდე მხოლოდ ჯონ მაკინროისა და ივან ლენდლის ჰქონდათ, რომლებიც 1983-1984 წლებში ამდენჯერვე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. გეტყვით იმასაც, რომ ბოლო 17 ტურნირიდან მხოლოდ ერთხელ მოხდა, რომ ბადის იმ ნაწილიდან, რომელშიც სინერი, ან ალკარასი იმყოფებოდა, ფინალში გასვლა რომელიმე სხვა ჩოგბურთელმა შეძლო - ამის გაკეთება 2024 წლის მადრიდის მასტერზე ანდრეი რუბლევმა მოახერხა, რომელმაც მეოთხედფინალში კარლოსს აჯობა.
ალბათ არავის გაუკვირდება, თუ გეტყვით, რომ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ყველაზე ხანგრძლივი მოგებათა სერიის ავტორები სინერი და ალკარასი არიან. სხვათა შორის, იტალიელს ორი ძალიან მაგარი სერია ჰქონდა და ორივე ესპანელმა დაუსრულა. 2023 წლის დევისის თასიდან მოყოლებული აპენინელი 19 შეხვედრა არ აგებდა და ინდიან უელსის ნახევარფინალში ალკარასმა დაამარცხა. იანიკის კიდევ ერთი ჩინებული სვლა 2024 წლის შანხაის მასტერსიდან რომის მასტერსამდე გრძელდებოდა, სადაც მას ასევე კარლოსმა აჯობა. რაც შეეხება ამ უკანასკნელს, მას დაუმარცხებელი, 18-მატჩიანი სერია ახლა აქვს და გამომდინარე იქიდან, რომ სეზონი ჯერ არ დახურულა, შესაძლოა კიდევ უფრო შორს წავიდეს.
მისთვის ტრიუმფალურ 2024 წელს სინერმა 9 ფინალიდან 8 მოიგო, ხოლო ალკარასმა 5 გადამწყვეტი მატჩიდან თავის სასარგებლოდ 4 დაამთავრა. 2025-ში ამ კომპონენტშიც უკეთესი ესპანელია - 10 ფინალი, 8 მოგება და 2 წაგება, ხოლო სინერმა 7 სატიტულო შეხვედრიდან წარმატებით 3 დაასრულა. რამდენად დიდია ამ დუეტის უპირატესობა დანარჩენებთან შედარებით, ამაზე ერთი სტატისტიკური ფაქტიც კარგად მეტყველებს - რეიტინგის მეორე ნომერი სინერი მესამე პოზიციაზე მყოფ ალექსანდრ ზვერევს ზუსტად იმდენი ქულით უსწრებს, რამდენითაც ეს უკანასკნელი 52-ე ჩოგანს.
ბოლო ორი წლის განმავლობაში კარლოს ალკარასმა და იანიკ სინერმა საერთო ჯამში 23 ტიტული მოიგეს, საიდანაც 12 -ესპანელზე, 11 კი იტალიელზე მოდის. კარიერის საწყისი 30 ფინალიდან თავის სასარგებლოდ კარლოსმა - 23, ხოლო იანიკმა 21 დაასრულა. თუმცა, არ დაგავიწყდეთ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია - ისინი ხომ 22 და 24 წლის ახალგაზრდები არიან...