„რემატჩში მერაბი უმარს გაანადგურებს“ - დვალიშვილის მწვრთნელის კომენტარი
მერაბ დვალიშვილის მორიგმა გამარჯვებამ და სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ტიტულის რიგით მესამე წარმატებულმა დაცვამ, ქართველი „მანქანის“ უძლეველობაზე ძალიან ბევრი მოქმედი, თუ ყოფილი მებრძოლი აალაპარაკა. თუმცა, ჯერ კიდევ დარჩნენ ისეთებიც, რომლებიც თვლიან, რომ მერაბის ძლევა სრულიად შესაძლებელია. სწორედ მათ გასაგონად დვალიშვილის მწვრთნელმა ჯონ ვუდმა ერთ-ერთი ჟურნალისტის შეკითხვაზე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ წარიმართება უმარ ნურმაგომედოვისა და მერაბ დვალიშვილის რემატჩი მისი ჩანიშვნის შემთხვევაში, ასეთი კომენტარი გააკეთა:
„მათი მეორე ბრძოლის ჩანიშვნის შემთხვევაში, მერაბი უმარს გაანადგურებს. მერწმუნეთ, ნურმაგომედოვისთვის ყველაფერი უფრო მძიმე შედეგებით დასრულდება, ვიდრე პირველ დაპირისპირებაში დასრულდა. იმ ჩხუბში დვალიშვილის ყველაზე ცუდი ვერსია ვიხილეთ, რადგან ტრავმირებული იყო და ძლიერი ტკივილები აწუხებდა. მიუხედავად ამისა, ის გალიაში შევიდა და თავისი საქმე გააკეთა. ახლა კი, თუ კიდევ ერთხელ იჩხუბეს, ჯანმრთელი მერაბი უმარს დააფინიშებს“.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის იანვარში გამართულ ბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.