ალექს პერეირა, ირჟი პროხაზკა
Aa
Aa

ალექს პერეირამ ქამარი გაათავისუფლა - სამმაგ ჩემპიონობას უმიზნებს?

ალექს პერეირამ ქვემძიმე წონაში საჩემპიონო ქამარი ვაკანტური გახადა, რომლისთვისაც 11 აპრილს, მაიამიში გამართულ UFC 327-ზე ირჟი პროჰაზკა და კარლოს ულბერგი იბრძოლებენ.

ვაკანტური ტიტულისთვის ორთაბრძოლა, რომელმაც ნომერირებული ღონისძიების მთავარი მოვლენის სტატუსი მიიღო, დენა უაითმა ოფიციალურად დააანონსა

ირჟი პროჰაზკა ოქტაგონზე იმ საჩემპიონო ქამრის დასაბრუნებლად გავა, რომელსაც 2022 წელს ფლობდა. ტრავმის გამო ქამრის დათმობის შემდეგ, ჩეხმა მებრძოლმა მისი დაბრუნების ორი წარუმატებელი მცდელობა განახორციელა და ორჯერვე პერეირასთან ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა.

ამჟამად პროჰაზკას ზედიზედ ორი გამარჯვება აქვს - მან ჯამალ ჰილი და ხალილ რაუნთრი დაანოკაუტა.

კარლოს ულბერგმა, რომელიც ახალ ზელანდიას წარმოადგენს, ზედიზედ ცხრა გამარჯვება მოიპოვა, ბოლო ბრძოლაში კი პირველივე რაუნდში დომინიკ რეიესი ნოკაუტით დაამარცხა.

ამ მომენტისთვის პროხაზკა და ულბერგი UFC-ის ქვემძიმე წონის რეიტინგში მეორე და მესამე პოზიციებს იკავებენ.

ახლა რაც შეეხება ალექს პერეირას, მოსალოდნელია, რომ „პოატანი” მძიმე წონაში ასვლას გეგმავს და ტომ ასპინალის ტრავმის შემდეგ, მესამე წონით კატეგორიაში საჩემპიონო ქამრის მოპოვებას დაუმიზნებს, თუნდაც ეს დროებითი იყოს.

ყველაფერი მომდევნო კვირაში გაირკვევა, როცა დენა უაითი „თეთრი სახლის“ ქარდზე გასამართ ბრძოლებს გამოაცხადებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები