„ყბას კიდევ ერთხელ მოგამტვრევ, არაფრად ვარგიხარ“ - ილია ჯეიკ პოლს
ჯეიკ პოლს მეორე ოპერაციის ჩატარება დასჭირდა მას შემდეგ, რაც ენტონი ჯოშუამ მას ყბა ორ სხვადასხვა ადგილას გაუტეხა, თუმცა, როგორც ჩანს, ის თვლის, რომ რევანშისთვის მაინც მზადაა. ილია თოფურია ეიდინ როსს ინტერვიუსთვის ეწვია, რა დროსაც იუთუბერთან სატელეფონო საუბრისას მწვავე სიტყვიერი შერკინება მოუხდა.
„UFC-ის ყველა მებრძოლი მუდამ ამას ამბობს“,
- პოლმა ილიასთან სიტყვიერი ბრძოლა ასე დაიწყო.
ილიამ ამერიკელს დროულად და მწვავედ უპასუხა:
„ჩვენ ვსაუბრობთ საუკეთესო და ნამდვილ მოკრივეებზე. მე შენ ამ სიაში არასდროს ჩაგსვამდი, თუმცა პატივს ვცემ იმ ფაქტს, რომ დაიწყე...“
- დაიწყო თოფურიამ, მაგრამ იუთუბერმა სიტყვა სასწრაფოდ გააწყვეტინა.
„ამ სიას შენ არ განაგებ“.
„ელ მატადორმა“ უპასუხა:
„ამ სიას მე არ განვაგებ, მაგრამ მაქვს პირადი აზრი. და პირდაპირ გეტყვი: როგორც მოკრივე, შენ არაფრად ვარგიხარ“.
პოლს ეს სიტყვები არ მოეწონა და საუბრისას ტონს აუწია:
„მართლა? მოდი ვისპარინგოთ და როცა საკადრისად მიგბეგვავ, მერე ვნახავთ“.
თოფურიამ მას ყბის მდგომარეობაზე ჰკითხა, რაზეც იუთუბერმა სწრაფად უპასუხა:
„ყბის მორჩენა არ მჭირდება, რადგან შენ მე ვერც კი შემეხები, ძმაო. MMA-ს მებრძოლები ყველანი ნაგვები ხართ. მე თქვენი სპორტის საუკეთესო წარმომადგენლები მყავს დამარცხებული“.
ჯეიკს ხანმოკლე, მაგრამ ინტენსიური საკრივო კარიერა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ რეალურად მას მხოლოდ რამდენიმე „ნამდვილ“ მოკრივესთან აქვს ნაჩხუბარი, ის დაუპირისპირდა UFC-ის ყოფილ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან ნეით დიასი და ანდერსონ სილვა, თუმცა ისინი იმ დროს აქტიურ სპორტში აღარ იყვნენ.
„როცა ყბა მოგირჩება, გავაკეთოთ ეს, მაგრამ მზად იყავი, რადგან კიდევ ერთი რეაბილიტაცია დაგჭირდება“,
- უთხრა ილიამ.
ამ დროს ატმოსფერო უკვე უკიდურესად დაიძაბა, „ელ მატადორი“ კი იცინოდა.
„მე შენ გცემ. პატარა ბიჭი ხარ, სიმაღლეში სულ რაღაც 167 სანტიმეტრი, ამერიკულ მთებზეც კი არ შეგიშვებენ“,
- დასცინა პოლმა.
„შეიძლება პატარა ვარ, მაგრამ ისეთ კომბინაციას გაგიკეთებ, ჩემი კვერცხების სიმაღლეზე დაგაყენებ. მუხლებზე დაჩოქილი იქნები. შენ იცი როგორ გაყიდო შენი ბრძოლები, მაგრამ ჩემსა და შენს შორის ძალიან დიდი სხვაობაა“.
- დაასრულა ილიამ.