თოფურია: ცარუკიანი ჩემ წინააღმდეგ პანიკაში ჩავარდება
UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონი, ილია თოფურია, არმან ცარუკიანს დივიზიონში თავის ყველაზე სერიოზულ გამოცდად არ მიიჩნევს.
„არმან ცარუკიანი ჩემი ყველაზე მძიმე გამოცდაა? არავითარ შემთხვევაში. ჩემი ყველაზე მძიმე გამოცდები უკვე გამოვიარე. არ მიყვარს იმაზე საუბარი, თუ ვისთან უჩხუბია მას, რადგან UFC-ში იოლი ბრძოლები არ არსებობს. თითოეული მეტოქე სერიოზული გამოწვევაა. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ისინი მსოფლიოს უდიდეს ლიგაში გამოდიან. თუმცა მან წააგო ისლამთან, წააგო გამროტთან. კარიერის დასაწყისში ნოკაუტში ჩააგდეს. მას არ აქვს უნარი, ბრძოლები ვადაზე ადრე დაასრულოს. ის ჩხუბს მხოლოდ მაშინ ამთავრებს, როცა მეტოქე დაღლილია – გადაჰყავს პარტერში და მუშაობს „გრაუნდ-ენდ-პაუნდში“. მაგრამ თუ ის შეხვდება მას, ვისაც აქვს შესაბამისი მომზადება, კარდიო, ვისაც არ ეშინია ჭიდაობისა და პარტერის – მას ძალიან გაუჭირდება.
არმანს იოლად დავამარცხებ, რადგან ჩემთან ის პანიკაში ჩავარდება. რის გაკეთებას აპირებს? ყოველთვის ვამბობდი: როცა საწვრთნელ ბანაკში ვარ, ვიცი, რა არის ტკივილი. ვიცი, რა არის დაღლილობა. ვიცი შეგრძნება, როცა გგონია, რომ მეტი აღარ შეგიძლია, მაგრამ აგრძელებ. ჩემს თავზე ვიცი, რომ არ არსებობს სიტუაცია, რომელშიც დავნებდები. ამიტომ, როცა ოქტაგონზე შევდივარ, მეტოქეებმა უნდა იცოდნენ: მათ წინაშე იქნება ის, ვინც დანებება არ იცის. ეს არასდროს მოხდება. თქვენ ჩემი მოკვლა მოგიწევთ. იცით რა? მე მიყვარს ჩემი სიცოცხლე და სიკვდილს არ ვაპირებ“,
– განაცხადა თოფურიამ ეიდინ როსთან ინტერვიუში.
„ელ მატადორის“ შემდეგი მეტოქე დროებითი ტიტულის მფლობელი ჯასტინ გეიჯი უნდა გახდეს, თუმცა ის მზად არის ცარუკიანსაც ეჩხუბოს, თუ ლიგის ხელმძღვანელობა ამ ბრძოლის ორგანიზებას გადაწყვეტს.
„შენ არასდროს ურეკავ UFC-ს და არ კარნახობ, ვისთან გინდა ჩხუბი და სად. თუ დამირეკავენ და მეტყვიან, რომ ჩემი და არმანის ბრძოლა სურთ – პრობლემა არ არის. ბევრ ძლიერ მეტოქესთან მიჩხუბია და გგონიათ, არმანთან არ მოვინდომებ? სულერთია. მომცემენ ამ ბრძოლას – ვიჩხუბებ. უპრობლემოდ. ჯასტინი, არმანი – მნიშვნელობა არ აქვს. გინდა ორივესთან ერთ საღამოს – მარტივად“,
– დასძინა მებრძოლმა.
ასევე თოფურიამ კომენტარი გააკეთა ინფორმაციაზე, რომ მისი ბრძოლა გეიჯისთან შესაძლოა „თეთრ სახლში“ არ შედგეს.
„იმედი მაქვს, ზაფხულში დავბრუნდები, მაგრამ არ ვიცი, ვიჩხუბებ თუ არა „თეთრ სახლში“. შენ არ ეუბნები UFC-ს, როგორ მოაწყონ ბრძოლები და სად დაგსვან, ისინი კი არ გეუბნებიან, როგორ იჩხუბო. ამ მომენტისთვის წარმოდგენა არ მაქვს, რა ხდება. ვიცი, რომ ზაფხულში ვიჩხუბებ, მაგრამ კონკრეტული თარიღი ან ადგილი არ მაქვს. თუმცა ზუსტად ვიცი, რომ ბრძოლა იქნება. მე მზად ვარ“,
– დაასრულა ჩემპიონმა.