ჰელვანი: ჯონსი თეთრ სახლში იჩხუბებს, მაკგრეგორი ივლისში დაბრუნდება
MMA-ის ცნობილი ინსაიდერი არიელ ჰელვანი საკუთარ YouTube-არხზე დენა უაითის ბოლო განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ალექს პერეირამ ქვემძიმე წონის ჩემპიონის ტიტული ვაკანტური გახადა და ამ წონაში ჩემპიონობისთვის ირჟი პროჰაზკა და კარლოს ულბერგი იჩხუბებენ.
„ვრცელდება ინფორმაცია, რომ პერეირა თეთრ სახლში ჯონ ჯონსს დაუპირისპირდება. ამ ღონისძიებაზე ჯონსის გამოსვლა გამორიცხული საერთოდ არაა. თუმცა, თუ ეს მოლაპარაკებები ჩაიშლება, თეთრ სახლში დროებითი ქამრისთვის პერეირა და სირილ განი იჩხუბებენ, გამარჯვებული კი ტომ ასპინალს შეხვდება.
არ მჯერა, რომ ალექს პერეირამ ქამარი იმისთვის დათმო, რომ მძიმე წონაში, მაგალითად, ალექსანდრ ვოლკოვთან ეჩხუბა. „პოატანს“ ისტორიის დაწერა სურს - სამი წონის ჩემპიონობა და ჯონ ჯონსის დამარცხება. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ალექს პერეირას სერიოზული მეტოქე ეყოლება. თუ მთავარი მოვლენა ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ჩხუბი არ იქნება, მაშინ ეს აუცილებლად ჯონსი-პერეირა უნდა იყოს.
რაც შეეხება კონორ მაკგრეგორს, არა მგონია, რომ მან თეთრ სახლში იჩხუბოს. 11 ივლისს ლას-ვეგასში მისი დაბრუნების შანსები უფრო მაღალია, ვინაიდან, როგორც გითხარით, თეთრი სახლის ღონისძიება პრომოუშენს მოგებას არ მოუტანს, შესაბამისად, კონორი მათ სხვაგან დასჭირდებათ“.
შეგახსენებთ, რომ თეთრ სახლში UFC-ის ღონისძიება 14 ივნისს გაიმართება და აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს მიეძღვნება.