ბარსასთვის ალვარესი გამოირიცხა | მისი ერთ-ერთი ალტერნატივა მიქაუტაძე იყო
ჰანსი ფლიკის „ბარსელონას“ ცენტრალური თავდამსხმელის დამატება უნდა. „ბლაუგრანას“ მთავარი სამიზნე ხულიან ალვარესი გახლდათ, თუმცა ესპანურ პრესაში გავრცელებული ბოლო ინფორმაციის მიხედვით, კატალონიელები „ატლეტიკოს“ ფეხბურთელს ვერ გაიფორმებენ.
Marca-ს ავტორიტეტული ჟურნალისტისა და სატრანსფერო ექსპერტის, მატეო მორეტოს მიხედვით, დღევანდელი მდგომარეობით, „ბარსელონაში“ მიაჩნიათ, რომ ალვარესის შეძენა შეუძლებელია. „ბლაუგრანა“ ალტერნატიულ ვარიანტებზე გადაერთო და თუ რაღაც გრანდიოზული და მოულოდნელი არ მოხდა, ალვარესს ვერ შეიძენს.
„ბარსელონასთან“ დაახლოებული წყაროები აცხადებენ, რომ კლუბს ერთ-ერთ თავდამსხმელთან შეთანხმება უკვე აქვს. კატალონიელები ალვარესის საქმის ბოლომდე მიყვანას ელოდებოდნენ და წარუმატებლობის შემთხვევაში აპირებდნენ, აქცენტი ზემოთ ხსენებულ მოთამაშეზე გადაეტანათ. ამ ფეხბურთელის ვინაობა არ სახელდება.
როგორც მოგეხსენებათ, ესპანური პრესის თანახმად, „ბლაუგრანას“ ალვარესის სამი ალტერნატივა ჰყავდა: ვანგელის პავლიდისი, გიორგი მიქაუტაძე და დუშან ვლაჰოვიჩი. პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ პავლიდისი კარიერას „ფენერბაჰჩეში“ გააგრძელებს. ბერძენმა ფეხბურთელმა კლუბს თანხმობა უკვე შეუთვალა და მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ეს კი ნიშნავს, რომ „ბარსას“ ორი ვარიანტი დარჩა. ასე რომ, ძალიან საინტერესოა, მოვლენები როგორ განვითარდება.