„ეს უდიდესი პატივია“ | მაგნეს აკლიუში პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელია
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ მაგნეს აკლიუშის ტრანსფერი გამოაცხადა. პარიზელები მის გაფორმებას დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ და 24 წლის ფეხბურთელის დამატება ოფიციალურად ახლახან დაადასტურეს.
აკლიუში პსჟ-ში 11-ნომრიანი მაისურით ითამაშებს და კლუბთან 5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. მის სანაცვლოდ „მონაკომ“ 50 მილიონი ევრო მიიღო.
„„პარი სენ-ჟერმენში“ გადმოსვლა ძალიან საამაყოა. პარიზში გაზრდილი ადამიანისთვის ასეთ პრესტიჟულ კლუბში გაწევრიანება ბევრს ნიშნავს. მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფის, ლუიშ კამპუშს და ლუის ენრიკეს ჩემდამი გამოცხადებული ნდობისთვის, ასევე თითოეულ ადამიანს, ვინც ამ გზაზე მხარს მიჭერდა.
სულმოუთქმელად ველოდები, როდის მოვირგებ ამ მაისურს, გავაგრძელებ განვითარებას ამ დიდებულ კლუბში და გავღებ ყველაფერს, რათა ღირსეულად წარმოვადგინო „პარი სენ-ჟერმენი“ ჩვენი გულშემატკივრების წინაშე“, — განაცხადა აკლიუშმა.
ცნობისთვის, ლიგა 1-ის გასულ სეზონში აკლიუშმა მონაწილეობა 28 შეხვედრაში მიიღო. მის ანგარიშზე 6 გოლი და ამდენივე შედეგიანი გადაცემაა. ჩემპიონთა ლიგაზე მან 10 მატჩში 1 გოლი გაიტანა.