რემატჩი აუცილებელია - ჩემპიონები ცარუკიანი-ოლივეირას ბრძოლაზე
ჯერჯერობით არმან ცარუკიანსა და ჩარლზ ოლივეირას შორის რემატჩი არ ჩანიშნულა, თუმცა ყველა საუბრობს, რომ უახლოეს მომავალში ბრაზილიელი და სომეხი მებრძოლები ოქტაგონს კიდევ ერთხელ გაიზიარებენ და მათ შორის გამარჯვებული ავტომატურად ტიტულის მოგების პრეტენდენტი გახდება. ოლივეირა-ცარუკიანის დაპირისპირების გამართვა მოცემულ ეტაპზე სრულიად მიზანშეწონილი რომ გახლავთ, ამის თაობაზე მცირე კომენტარი UFC-ის ამჟამინდელმა და ყოფილმა ჩემპიონებმა, ისლამ მახაჩევმა და ფრენკი ედგარმა გააკეთეს.
ისლამ მახაჩევი
ბრძოლა პრეტენდენტის სტატუსისთვის? მათი პირველი დაპირისპირება საკმაოდ ახლო ბრძოლა იყო და შესაბამისად, რემატჩის აუცილებლობა მართლაც არსებობს. თანაც, ოლივეირას გეიჯი ჰყავს დამარცხებული, არმანს გამარჯვებათა კარგი სერია აქვს და დივიზიონის პირველი ნომერია. ვფიქრობ ეს კარგი ჩხუბი იქნება, რომელიც ბევრ რამეს გაარკვევს
.
ფრენკი ედგარი
მნიშვნელოვანი ბრძოლის მოგება კითხვის ნიშნებს იდეალურად აქარწყლებს. იმ შემთხვევაში თუ მათი ბრძოლა შედგება და არმანი ჩარლზს კიდევ ერთხელ დაამარცხებს, დენა უაითი უბრალოდ ვალდებული გახდება ცარუკიანს სატიტულო ჩხუბი ჩაუნიშნოს.
შეგახსენებთ, რომ არმან ცარუკიანსა და ჩარლზ ოლივეირას შორის პირველი დაპირისპირება 2024 წლის 13 აპრილს გაიმართა და სომეხმა მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. ცარუკიანს კარიერაში ჩატარებული 26 ბრძოლიდან 23 მოგება და 3 მარცხი აქვს, ხოლო ოლივეირამ 49 ჩხუბიდან თავის სასარგებლოდ 37 დაასრულა.