„სისულელეს წააგავს“ | ბობი გრინი ილიას განცხადებასა და გეიჯის ხელთათმანებზე
ილია თოფურიას განცხადებას, რომელიც მან ჯასტინ გეიჯის ხელთათმანებთან დაკავშირებით გააკეთა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა განაცხადა, რომ გეიჯის ხელთათმანებში არაფერი აკრძალული არ ყოფილა და მის მოსაზრებას მებრძოლებიც იზიარებენ.
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლი, ბობი გრინი „ელ მატადორის“ განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ილიას სიტყვები სისულელეს წააგავს და ოქტაგონში შესვლამდე, სპორტული კომისიის წარმომადგენელი მებრძოლთა ხელთათმანებს ამოწმებს.
„ვნახე, ილიას განცხადება და სისულელეს ჰგავს, სრულ სისულელეს. ხომ იცით, რომ მსაჯები ხელთათმანებს ამოწმებენ. ეს კომისიის წარმომადგენლის მოვალეობაცაა“, — აღნიშნა გრინმა.
ცნობისთვის, კალიფორნიის შტატის სპორტული კომისიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ენდი ფოსტერმა თოფურიას განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, გეიჯის ხელთათმანებსა და სახვევებთან დაკავშირებით ყველაფერი რიგზე იყო, ისინი სრულად შეესაბამებოდა რეგლამენტს და არაფერი აკრძალული არ ყოფილა.