„ბარსაში თამაშზე ბავშვობიდან ვოცნებობდი“ | თორნიკე შენგელიას ინტერვიუ
„ბარსელონას“ კალათბურთელმა, თორნიკე შენგელიამ Eurohoops-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. „ბლაუგრანას“ მძიმე ფორვარდმა ახალ გუნდსა და მის მიზნებზე ისაუბრა.
მესიჯი ბარსელონას გულშემატკივრებს
„ჩემი სათამაშო სტილი არასდროს იცვლება. ყოველთვის გუნდის დახმარებაზე ვარ ორიენტირებული და სულერთია, ეროვნულ ნაკრებში გამოვდივარ თუ კლუბში. მინდა, გუნდს მატჩების მოგებაში დავეხმარო და ბარსელონაში სწორედ ამიტომ ვარ. გულშემატკივრების ძალიან კარგად მესმის. ქომაგებს სურთ, მათმა გუნდმა ყველა თამაში მოიგოს და მაქსიმალურად ბევრი ტიტული დაისაკუთროს. დასაფასებელია, როდესაც ასეთი ამბიციების მქონე და კალათბურთში გათვითცნობიერებული გულშემატკივრები გყავს. რაც აქ გადმოვედი, ვხედავ, რომ მათ კალათბურთი ბრწყინვალედ ესმით და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩვენით იამაყონ.“
ბარსელონას მიერ აქცენტის ვეტერანებზე გაკეთება
„ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ამ ეტაპზე დღითიდღე ვპროგრესირებთ. ყველამ იცის, რომ სეზონი ძალიან გრძელია და ჩვენთვისაც ისევე რთული იქნება, როგორც სხვებისთვის. მაქსიმუმს ვაკეთებთ, რათა სეზონს საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ და იმედია, მაღალ დონეს მთელი წლის განმავლობაში შევინარჩუნებთ. ბარსელონას დიდი მიზნები აქვს და აქ ტიტულების მოსაგებად ვართ. პირადად ჩემთვის, „ბლაუგრანას“ მაისურით თასის აღმართვა ახდენილი ოცნება იქნება. ბარსელონაში ამბიციებით მოვედი და აქ ყოფნა პრივილეგიაა. ბედნიერი ვარ. „ბარსაში“ თამაში ყოველთვის მინდოდა და ჩემი მენტალიტეტი არ შეიცვლება.“
ბარსელონაში მის როლზე
„მწვრთნელები და თანაგუნდელები მენდობიან, მაგრამ როლის განსაზღვრა ერთ დღეში ვერ მოხდება. როდესაც გუნდის ლიდერობაზე მიდის საუბარი, თავდაპირველად საკუთარ თავს უნდა დაუმტკიცო, რა შეგიძლია. ასეთი მენტალიტეტი მაქვს. ვიმედოვნებ, მაგალითს ვაჩვენებ და ხალხი გამომყვება. თუ ლაპარაკი დამჭირდა, ვილაპარაკებ. დიდი გამოცდილება გვიმაგრებს ზურგს და ერთმანეთის დასახმარებლად მზად ვართ.“
ბარსელონაში თამაშზე
„ბავშვობიდან ვოცნებობდი, ამ დიდ და ისტორიულ კლუბში მეთამაშა. ძალიან ბედნიერი ვარ. თავს პრივილეგირებულ ადამიანად ვგრძნობ და მადლობა უფალს, რომ ეს შანსი მომეცა. აქ ყოფნით გახარებული ვარ. ვიცი, ახალ გარემოსთან ადაპტაცია მარტივი არასდროს არის, მაგრამ ისეთი გამოცდილება გვაქვს, გუნდს დავეხმარებით წარმატებული სეზონი ჰქონდეს. დროა ჩვენი ეგოებისა და ამბიციების საწინააღმდეგოდ ვითამაშოთ და გუნდის მიზნის გარშემო გავერთიანდეთ.“
ცნობისთვის, შენგელიას ოფიციალური დებიუტი 30 სექტემბერს შედგება. თბილისის დროით, 20:00-ზე „ბარსელონა“ ევროლიგაზე „ჰაპოელ თელ ავივს“ დაუპირისპირდება.