თორნიკე შენგელია
Aa
Aa

„ნეტავ იცოდნენ ქართველებმა, რამდენს ნიშნავს ნაკრები შენთვის“ | თორნიკე შენგელიას ცოლი

ევრობასკეტის მერვედფინალში, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, 80:70 დაამარცხა.

ჩვენი გუნდის კაპიტნის, თორნიკე შენგელიას ცოლი, სალომე ჯუღელი ამ ისტორიულ მიღწევას ემოციური პოსტით გამოეხმაურა.

„მინდა ვთქვა რამდენიმე სიტყვა პროფესიონალიზმზე და სიყვარულზე სამშობლოს , ოჯახის და კალათბურთისადმი. ის, რაც შენ ამ ერთ წელში გააკეთე, ნამდვილად გმირობის ტოლფასია.

მთელი სეზონი არანორმალური რეჟიმით ჩაატარე — კვირაში სამი თამაში, მაგრამ მაინც უმაღლეს დონეზე. რა თქმა უნდა, იყო აღმართი და დაღმართი, მაგრამ ყოველთვის პროფესიონალი იყავი, ყოველთვის იქ , სადაც საჭირო იყავი. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენთან სრულფასოვანი დროის გატარებაც კი არასდროს დაგიკლია.

ერთი მატჩის მერე მეორე, სამი თამაში ოთხ დღეში — სამ სხვადასხვა ქვეყანაში… ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ შენ უპირობოდ და წარმოუდგენლად გიყვარს შენი სამშობლო — საქართველო და ქართველი ხალხი.

ყველამ იცის, რა პერიოდი გადაიტანე — სისხლმდენი წყლულის გახეთქვა, გამოწვეული ფიზიკური სტრესით და იმ წამლებით, რასაც მხოლოდ ტკივილის გასაყუჩებლად სვამდი… და მაინც ყოველთვის იქ სადაც საჭირო იყავი, შენი ქვეყნის და ნაკრების გვერდით.

ფენომენალური პლეიოფები იტალიურ ლიგაში, თუნდაც მაშინ, როცა დარტყმის შემდეგ ტვინის შერყევა დაგემართა, მაინც ითამაშე, იმიტომ რომ გუნდი შენზე იყო დამოკიდებული. გუნდს გამარჯვება მოუტანე და მოიპოვე MVP-ის ტიტული იტალიის ჩემპიონატში.

დასვენების და აღდგენის დრო საერთოდ არ გქონდა, მაგრამ მაინც მზად იყავი ნაკრებისთვის. და, რა თქმა უნდა, ისევ მთელი გულით, 100%-ით. და მაშინ მოხდა - გულის პრობლემა თამაშის დროს და გადაუდებელი ოპერაცია, კათეტერით აბლაცია.

ექიმებმა მკაფიოდ თქვეს „არა“ - მინიმუმ პირველ სამ თამაშში მონაწილეობა არ შეიძლებოდა. მაგრამ არასოდეს დამავიწყდება შენი კითხვა ოპერაციიდან ეგრევე: „თუ ვითამაშებ რა იქნება?“

იმ წამს გული გამიჩერდა. დარწმუნებული ვიყავი რომ მანდ უკვე გადაწყვეტილი გქონდა თამაში, ვერაფერი გითხარი, იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდი - შენს აზრს ვერაფერი შეგაცვლევინებდა.

მეფიქრებოდა: ნეტავ იცოდნენ ქართველებმა, რამდენს ნიშნავს ნაკრები შენთვის, რამხელა სიყვარული გაქვს, რამდენად შეგიძლია თავდადება. EuroBasket-ზე ითამაშე მაშინ, როცა საერთოდ არ უნდა გეთამაშა, ჯერ კიდევ ნაკლებად ფორმაში, მაგრამ სულით და გულით, ნამდვილად თავდაუზოგავად.

მიუხედავად კრიტიკისა და არა კეთილი კომენტარებისა, მე ზუსტად ვიცოდი, რას გრძნობდი, როგორი თავდადება და მოტივაცია გქონდა. დიდ უსამართლობად მიმაჩნია არა კეთილი კომენტარები შენს მიმართ, ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის მისაღებია, ლანძღვა ნამდვილად დაუმსახურებელია, შენს და მთელი ნაკრების მიმართ!

მაგრამ დღეს შენ შეუძლებელი გააკეთე, შეუძლეველი შეძელით მთელმა გუნდმა, ჩვენმა საამაყო ნაკრებმა!!! სიტყვებიც არ მყოფნის, მხოლოდ ერთი შემიძლია ვთქვა: შენ ხარ ჩემი გმირი.

შენ მხოლოდ კალათბურთელი ან MVP არ ხარ — შენ ხარ დიდი ქართველი კაცი, დიდი გულით. კაცი, რომელსაც უყვარს ღმერთი, სამშობლო, ოჯახი და კალათბურთი. კაცი, რომელმაც შექმნა ისტორია, იმით რისი კეთებაც უყვარს! შენ ხარ ჩემი სიყვარული და შენით უსაზღვროდ ვამაყობ.

და ეს მხოლოდ ერთი წელია, რაც ახლა მოვყევი. თუ წარსულ წლებზეც ვიტყვი — წიგნი გამოვა!
მიყვარხარ. ვამაყობ საქართველოს საკალათბურთო ნაკრებით!“.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთთან გამარჯვებით, საქართველოს ნაკრებმა მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქე ფინეთის ნაკრები იქნება. მატჩი 10 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მთელი გუნდით ვამაყობ! რწმენა არასდროს შეგვიწყვიტავს“ - შენგელია საფრანგეთთან გამარჯვებაზე
„მთელი გუნდით ვამაყობ! რწმენა არასდროს შეგვიწყვიტავს“ - შენგელია საფრანგეთთან გამარჯვებაზე