„ხალხი იძახდა, რომ აქ შემთხვევით მოვხვდით. ჩვენ აქ ვრჩებით!“ - ჯიკიჩი საფრანგეთთან გამარჯვებაზე
ევრობასკეტის მერვედფინალში, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, 80:70 დაამარცხა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალეკსანდარ ჯიკიჩმა პრესკონფერენციაზე განვლილი მატჩი შეაფასა.
რა თქვა ჯიკიჩმა:
„საოცარი მატჩი იყო ბრწყინვალე გუნდის წინააღმდეგ. მადლობა საფრანგეთს ასეთი მაღალი დონის თამაშისთვის. როცა ვუყურებ იმ შემადგენლობას, რომელსაც ვძლიეთ, ნათლად ჩანს, რაოდენ ძლიერი გუნდია. მინდა აღვნიშნო, რომ პირველივე წუთიდან მზად ვიყავით მსგავსი ტიპის შეხვედრისთვის და საბოლოოდ გამარჯვებაც მოვიპოვეთ.“
„თამაშისთვის კარგად მოვემზადეთ და საბოლოოდ, გავიმარჯვეთ კიდეც. ვულოცავ ჩემს თითოეულ მოთამაშეს, სტაფს და გულშემატკივრებს, რომლებიც საქართველოდან ჩამოვიდნენ ჩვენს მხარდასაჭერად. ხალხი იძახდა, რომ მერვედფინალში შემთხვევით ვიყავით, მაგრამ... ჩვენ კიდევ აქ ვართ. არა უშავს, დაე, ასე იფიქრონ.“
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთთან გამარჯვებით, საქართველოს ნაკრებმა მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქე ფინეთის ნაკრები იქნება. მატჩი 10 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.