„მთელი გუნდით ვამაყობ! რწმენა არასდროს შეგვიწყვიტავს“ - შენგელია საფრანგეთთან გამარჯვებაზე
ევრობასკეტის მერვედფინალში, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, 80:70 დაამარცხა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ პრესკონფერენციაზე გამარჯვებისგან გამოწვეული ემოციები შეაფასა.
რა თქვა შენგელიამ:
„წარმოუდგენელი თამაში იყო. მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს მოვუგეთ. როდესაც მერვედფინალში გავედით, ბიჭებს ვეუბნებოდი, რომ წნეხი არ ეგრძნოთ, რადგან აქ ყოფნა დავიმსახურეთ და ა.შ. მაგრამ როდესაც თამაშის წინ მწვრთნელს შევხვდი, ვუთხარი, რომ ამ მატჩის მოსაგებად უნდა გვეთამაშა. აქ ყოფნით მოხარულები ვიყავით, მაგრამ კიდევ 40 წუთი უნდა გვებრძოლა. არასდროს შეგვიწყვიტავს ბრძოლა და რწმენა. პირველი ნახევრის შემდეგ მოედანზე გასვლა ჩვენთვის გადამწყვეტი იყო. ვიცოდით, რომ საფრანგეთი უფრო გააქტიურდებოდა და ამისთვის მზად უნდა ვყოფილიყავით. კონცენტრაცია მაქსიმალურად შევინარჩუნეთ. ძალიან ამაყი ვარ ჩემი გუნდით, თითოეული მოთამაშით... საოცრად ჩაერთნენ თამაშში. ასევე, მადლობელი ვარ სამწვრთნელო შტაბის, რომელმაც ბრწყინვალედ დაგეგმა მატჩი. ასევე, მადლობა ყველა გულშემატკივარს, რომელიც ამ სიშორეზე, რიგაში ჩამოვიდა და მხარი დაგვიჭირა.“
„ერთიანები ვიყავით და ეს არის ჩვენი ყველაზე ძლიერი მხარე. თუ გავალთ და უბრალოდ უნარებით ვითამაშებთ, არ ვიბრძოლდებთ და ერთიანები არ ვიქნებით, არ არსებობს ბევრი ქვეყანა, ვის დამარცხებასაც შევძლებთ. დღეს ნახეთ, როგორი თავგანწირვით იბრძოდნენ ბიჭები, ყველამ იბრძოლა და საბოლოოდ, ეს შედეგი დადგა. ყოველ ჯერზე, როდესაც ასე ვითამაშეთ, გავიმარჯვეთ და როდესაც არა - დავმარცხდით. თუ ასე გავაგრძელებთ, უფრო დიდი შანსი გვექნება, რომ კიდევ უფრო შორს წავიდეთ.“
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთთან გამარჯვებით, საქართველოს ნაკრებმა მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქე ფინეთის ნაკრები იქნება. მატჩი 10 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.