დიდი სენსაცია - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის 1/4 ფინალში გავიდა
ევრობასკეტ 2025-ის მერვედფინალურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა უდიდესი სენსაცია მოახდინა და ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი გამოთიშა ასპარეზობას.
ქართველი კალათბურთელები რიგაში საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდნენ და დაძაბულ ბრძოლაში 70:80 დაამარცხეს.
ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდმა პირველი მეოთხედი აქტიურად დაიწყო და პერიოდი ოთხქულიანი უპირატესობით დაასრულა - 24:20. გამორჩეულები იყვნენ თორნიკე შენგელია და კამარ ბოლდუინი, რომლებმაც თავისი ყველა სროლა ზუსტად გამოიყენეს.
მეორე მეოთხედი ფრანგების გამარჯვებით დასრულდა - 17:14, თუმცა, საქართველოს ნაკრებმა დიდ შესვენებაზე მინიმალური უპირატესობით შეძლო გასვლა - 38:37.
მესამე მეოთხედში ჩვენმა გუნდმა უპირატესობის შენარჩუნება შეძლო და პერიოდი 20:17 მოიგო, მეოთხედის ბოლოს კი ოთხ ქულას ვიგებდით - 58:54.
დასკვნით მეოთხედში კი ქართველმა კალათბურთელებმა ფაქტობრივად ყველაფერი უნაკლოდ შეასრულეს. პერიოდის მიმდინარეობისას 9 ქულასაც ვიგებდით. ფრანგებმა უპირატესობის აღმოფხვრა და ანგარიშის გათანაბრებაც შეძლეს, თუმცა, ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდმა მტკიცე ხასიათი გამოიჩინა და კვლავ შეძლო თამაშში დაბრუნება. საქართველოს ნაკრებმა მეოთხედი 22:16 მოიგო, საბოლოოდ კი 10 ქულის სხვაობით, 80:70 გაიმარჯვა.
საქართველოს ნაკრებიდან გამორჩეული კამარ ბოლდუინი იყო, რომელმაც მოედანზე 32:54 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 24 ქულა, 4 მოხსნა, 2 ასისტი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. გამორჩეული იყო თორნიკე შენგელიაც, რომელმაც 30:47 წუთში 24 ქულა, 8 მოხსნა, 2 ასისტი და 1 ჩაჭრა დააფიქსირა. ორმაგი დუბლი ჰქონდა მამუკელაშვილს - 14 ქულა, 11 მოხსნა, 2 ასისტი, 1 ჩაჭრა 33:02 წუთში. გოგა ბითაძის მონაგარი ასეთი იყო - 25:20 წუთი, 8 ქულა, 2 მოხსნა, 4 ასისტი, 1 ბლოკი. ბექა ბურჯანაძე 9 ქულა. ბექა ბურჯანაძე 6 ქულა, გიორგი შერმადინი 4 ქულა.
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის 1/4 ფინალში ფინეთის ნაკრებს შეხვდება.