„ბიჭი, რომელმაც მგლების ხროვა გაანადგურა“ - ფინური მედია თორნიკე შენგელიაზე
ხვალ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტზე ისტორიულ მეოთხედფინალურ მატჩს გამართავს. ქართველი კალათბურთელები კარგად ნაცნობ ფინეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ფინური მედია საქართველოს ნაკრების შესახებ წერს. გავლენიანი ადგილობრივი გამოცემა Iltalehti.fi ყურადღებას თორნიკე შენგელიაზე ამახვილებს და აღნიშნავს, რომ ფინეთის ნაკრებს საქართველოს ნაკრების კაპიტანთან მწარე გამოცდილება აქვს. „ამ კაცმა „მგლების“ ხროვა გაანადგურა“ - ასე ასათაურებს სააგენტოს ჟურნალისტი სტატიას, რომელიც თორნიკე შენგელიას ეხება.
რა წერია სტატიაში:
„ამ ამბავს თავისი საწყისი წერტილი აქვს. გასული წლის ნოემბერში ფინეთის ნაკრები ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის მატჩში საკუთარ მოედანზე საქართველოს დაუპირისპირდა. სტუმარი გუნდის სუპერვარსკვლავი, თორნიკე შენგელია იტალიიდან ტაპიოლაში ჩარტერული რეისით, კერძო თვითმფრინავით ჩაიყვანეს. მაშინ მის გუნდს, „ვირტუს ბოლონიას“ მნიშვნელოვანი თამაში ჰქონდა და ქართველი შემტევის დახმარებაც სჭირდებოდა.
საბოლოოდ, შენგელიამ ამ მატჩში ითამაშა და ლოგიკურად, საქართველოს ნაკრებში ჩასვლა ვერ უნდა მოესწრო, თუმცა, მისი ეროვნულ გუნდში თამაშის სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ მისთვის სპეციალური ტრანსპორტის ქირაობა გახდა საჭირო, რათა ფინეთის წინააღმდეგ ეთამაშა. ის თამაში საქართველომ 90:83 მოიგო, შენგელია კი თავის გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო - 24 ქულა.
მის შესახებ ჩვენი გუნდის მწვრთნელი, ლასი ტუოვი ამბობს: „მქონდა შესაძლებლობა, რომ შენგელიას მწვრთნელი ვყოფილიყავი და მის ხასიათს ძალიან კარგად ვიცნობ. ის ესპოდან ფინეთში გამოფრინდა, რადგან ჩვენი დამარცხება უნდოდა.“
რამდენიმე დღის შემდეგ გუნდები ერთმანეთს თბილისშიც შეხვდნენ, შედეგი კი უფრო გამანადგურებელი იყო - 81:64. ამ მატჩშიც საუკეთესო მოთამაშე თორნიკე შენგელია გახდა, რომელმაც 25 ქულა ჩაგვიგდო.
გუნდები ოთხშაბათს კიდევ ერთხელ შეხვდებიან ერთმანეთს. სასწორზე კი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალის საგზური და პრესტიჟულ ტურნირზე მედლისთვის ბრძოლის შანსი დევს.“
ცნობისთვის, საქართველოსა და ფინეთის ნაკრებები აქამდე ერთმანეთს ხუთჯერ შეხვდნენ. ორ მატჩში გამარჯვება ფინელებმა მოიპოვეს, სამი შეხვედრა კი ქართველი კალათბურთელების გამარჯვებით დასრულდა. ევრობასკეტის მეოთხედფინალში საქართველოსა და ფინეთის ნაკრებების დაპირისპირება 10 სექტემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე გაიმართება.