„მწარე გამოცდილება გვაქვს, შურისძიებას ვეცდებით“ - ფინეთში საქართველოზე ისაუბრეს
ევრობასკეტ 2025-ის მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე ფინეთის საკალათბურთო ნაკრები იქნება.
მას შემდეგ, რაც წყვილის ვინაობა გაირკვა, ფინეთის ნაკრებში ჩვენი გუნდის შესახებ ისაუბრეს. ფინეთის მთავარმა მწვრთნელმა, ლასი ტუოვიმ, ადგილობრივ მედიასთან საუბრისას საქართველოს ნაკრების ძლიერ მხარეებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მის გუნდს რთული მატჩი ელის.
ტუოვის კომენტარი:
„ეს არის ქვეყანა, რომელმაც წლების განმავლობაში აჩვენა, რომ ევროპულ კალათბურთში მოწინავე პოზიციები უნდა ეჭიროს. ახლა, როცა პირველად მოხვდნენ საუკეთესო 8 გუნდს შორის, მათი მოტივაცია კიდევ უფრო მაღალი იქნება. მათ ეს გამარჯვება დაიმსახურეს, თუმცა ახალგაზრდულმა საფრანგეთმა თავისი ძალების გამოვლენა ბოლომდე ვერ შეძლო.“
„იმ თამაშებთან განსხვავებით, რაც ცოტა ხნის წინ გვქონდა, საქართველოს ნაკრები ახლა ფიზიკურად უფრო ძლიერი გუნდია, თუმცა შედარებით ნელი. მაგრამ როცა მათ თამაშებს უყურებ, ზუსტად იგივეს აკეთებენ, რითიც ზამთარში დაგვამარცხეს. გუნდში თორნიკე შენგელიასა და კამარ ბოლდუინს გამოვარჩევდი, მათი თამაში ნამდვილად გადამწყვეტია. კონკრეტულად, შენგელიას თამაშის გამო მწარე გამოცდილება გვაქვს.“
„ახლა შურისძიების შანსი გვეძლევა, თუმცა საქართველოს თავდაჯერება აქვს და ხედავთ, როგორ ცდილობენ გუნდის დანარჩენი წევრები, თავიანთი ვარსკვლავების მსგავსად ითამაშონ.“
„მონტენეგროსა და სერბეთთან კარგი გამოცდილება მივიღეთ და გვინდა, სწრაფი კალათბურთი ვითამაშოთ. როგორც გითხარით, საქართველო ცოტა შენელებულია, მაგრამ არ არის ტიპურად ნელი გუნდი, რადგან ორი გამორჩეული ვარსკვლავი ჰყავს, რომლებსაც თამაშში სხვაობის შეტანა ნებისმიერ დროს შეუძლიათ.“
„ბოლდუინი მუდმივად ბურთს ფლობს და თუ მას არ აქვს, მაშინ შენგელიას აქვს. მათ წინააღმდეგ თამაში ჩვენთვის გამოწვევა იქნება. მათ იმდენად ძლიერი ინდივიდუალური სათამაშო უნარები აქვთ, რომ წარმატებული გუნდური დაცვა დაგვჭირდება.“
„მათ ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებები დაამარცხეს. დიდებულების დაცემა კი კალათბურთის სილამაზეზე მეტყველებს. საქართველომ ამით შესანიშნავი ისტორია შექმნა. ეს კოლექტივი, რომელიც ახლა ჰყავს, წარმოუდგენლად ერთგულია იმისთვის, რომ თავისი ნაკრები საუკეთესოდ წარმოაჩინოს. მათ შრომას ძალიან ვაფასებ.“
შეგახსენებთ, რომ ფინეთის ნაკრებმა მერვედფინალში ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, სერბეთის ნაკრები 92:86 დაამარცხა, საქართველომ კი საფრანგეთს 80:70 მოუგო. საქართველოსა და ფინეთის ნაკრებების 1/4-ფინალური დაპირისპირება 10 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.