ლივერპულის სავარაუდო შემადგენლობა | This is Anfield-ი მამარდას ძირითადში მოიაზრებს
ინგლისის კარაბაოს თასის 1/16-ფინალში გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულის“ მეტოქე „საუთჰემპტონი“ გახლავთ. მატჩი 23 სექტემბერს, თბილისის დროით, 23:00 საათზე დაიწყება და This is Anfield-მა სავარაუდო შემადგენლობა დაასახელა.
ჩვენთვის საინტერესო ისაა, რომ ლივერპულურმა პორტალმა ძირითად შემადგენლობაში ქართველი მეკარე დააყენა. მის გარდა, „წმინდანების“ წინააღმდეგ ჯერემი ფრიმპონგი, ჯო გომესი, ჯოვანი ლეონი, ენდრიუ რობერტსონი, ვატარუ ენდო, კერტის ჯონსი, ტრეი ნიონი, რიო ნგუმოა, ალექსანდრ ისაკი და ფედერიკო კიეზა დაიწყებენ.
მამარდაშვილს „ლივერპულის“ მაისურით თამაში ჯერ არ ჩაუტარებია და თუ This is Anfield-ის ვარაუდი გამართლდა, გიორგის დებიუტს ვიხილავთ. „წითლები“ მასპინძლის სტატუსით იასპარეზებენ და „მამარდა“ სადებიუტო შეხვედრას „ენფილდზე“ ჩაატარებს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში მერსისაიდელების კარს ალისონი იცავს, რომელმაც კარი მშრალად მხოლოდ ორ შეხვედრაში, „არსენალთან“ და „ბარნლისთან“ შეინახა. „ბორნმუთმა“, „ნიუკასლმა“ და „ატლეტიკომ“ „ლივერპულს“ 2-2 გოლი გაუტანეს, ხოლო მერსისაიდული დერბი არნე სლოტის ბიჭებმა „ევერტონს“ 2:1 მოუგეს.