კუიტი ბეწვზე გადაურჩა, სიბრაზე ბენიტესზე და მწეველი თანაგუნდელი - კრაუჩის უცნობი ისტორიები
რთულია ისეთი პერიოდის გახსენება, როდესაც ინგლისური ფეხბურთის გულშემატკივრები პიტერ კრაუჩის მიმართ დიდი სიყვარულით არ იყვნენ განწყობილნი. თუმცა, Four Four Two-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, ინგლისის პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელებს შორის, ის მხოლოდ და მხოლოდ მე-100 ადგილზე გავიდა.
ამავე გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ვეტერანმა ფორვარდმა, რომელმაც საკლუბო დონეზე საუკეთესო პერიოდი „ლივერპულში“ გაატარა, ბევრი საინტერესო ისტორია გაიხსენა და ქომაგების მიერ გაგზავნილ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.
ვიცი, რომ ბავშვობაში „ჩელსის“ თამაშებზე ბურთის მიმწოდებელი იყავი. რაიმე განსაკუთრებული ისტორია გახსენდებათ?
მახსოვს ერთხელ დენის უაიზი მომიახლოვდა და საყვედური მითხრა იმის გამო, რომ ბურთი დროულად არ მივაწოდე. შენიშვნა მივიღე და შემდეგ სულ სწრაფად ვაწვდიდი. საბედნიეროდ, „ჩელსიმ“ მატჩის ბედი შემოატრიალა და უაიზისგან საჩუქარი მივიღე. ბურთის საუკეთესო მიმწოდებელი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ეს კარგი გამოცდილება იყო.
რამდენად რთული იყო „ტოტენჰემის“ აკადემიაში გაზრდილი ფეხბურთელისთვის იჯარით ქვედა ლიგის „დალვიჩ ჰემლეტში“ გადასვლა?
ეს ნამდვილი კულტურული შოკი აღმოჩნდა. ვვარჯიშობდი „დეზების“ სარეზერვო შემადგენლობაში და იმდენად მეორეხარისხოვანი როლი მქონდა, თამაში იშვიათად მიწევდა. ამ დროს დევიდ პლიტმა იჯარით „დალვიჩში“ წასვლა შემომთავაზა. თავიდან ცოტა ვჭოჭმანობდი, მაგრამ მერწმუნეთ, ეს იყო ჩემ ცხოვრებაში საუკეთესო ნაბიჯი, რადგან უზარმაზარ ცენტრალურ მცველებთან ჭიდილში დიდი გამოცდილება მივიღე.
სიმაღლესთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს ხშირად გაუღიზიანებიხარ?
(იცინის), დიახ და ეს თემა მთელი ცხოვრებაა თან დამყვება. ერთხელ დავბეჭდე ბარათები, სადაც იმ სულელური შეკითხვების პასუხები ეწერა, რომელსაც ყველაზე ხშირად მისვამდნენ. ასეთები გახლდათ: „მანდ მაღლა როგორი ამინდია?“, „რატომ კალათბურთს არ თამაშობ?“ და ასე შემდეგ.
როგორი იყო რობერტ პროსინეჩკისთან ერთად „პორტსმუთში“ თამაში და მართალია თუ არა, რომ ის დღეში 20 ღერ სიგარეტს ეწეოდა?
საოცარი ფეხბურთელი იყო - პრაქტიკულად არ დარბოდა, მაგრამ თავის საქმეს მაინც უმაღლეს დონეზე აკეთებდა. იმ სეზონში თუ არ ვცდები 19 გოლი გავიტანე და ყველა მათგანში რობერტი დამეხმარა. რაც შეეხება სიგარეტს, ეწეოდა თამაშამდე, შესვენებაზე და თამაშის შემდეგაც და მუდამ წითელ „მარლბოროს“.
„ასტონ ვილაში“ გქონდა კარგი პერიოდები, თუმცა ყველაფერი კარგად მაინც არ წარიმართა. რატომ დაგეძაბა ფანებთან ურთიერთობა?
ვერ ვიტყვი, რომ ბირმინგემული კლუბის გულშემატკივრებმა პრობლემები შემიქმნეს. პირველი სრულფასოვანი სეზონი რთული იყო - მიწევდა ისეთი მცველების წინააღმდეგ ასპარეზობა, როგორებიც ტონი ადამსი და სოლ კემპბელი იყვნენ. მაშინაც ასეთივე სიმაღლის, თუმცა ფიზიკურად სუსტი ვიყავი. მახსოვს „ვილა პარკზე“ ჩემი დებიუტი „ნიუკასლთან“ და როდესაც ალან შირერი დავინახე, ვიფიქრე, რომ მის დონეზე ვერასოდეს მივიდოდი. მაშინ პრემიერლიგისთვის მზად აშკარად არ ვიყავი, მაგრამ გრემ ტეილორი მაინც მენდობოდა. ამას მოჰყვა დევიდ ოლირის დანიშვნა, რომელიც საერთოდ არ მაფასებდა და იჯარით „ნორვიჩში“ გამიშვა.
2004 წელს, „საუთჰემპტონში“ გადასვლის დროს შენი რეიტინგი საკმაოდ დაბალი იყო, თუმცა მაინც უმაღლეს დონეზე ითამაშე. იყო თუ არა ეს სეზონი შენ კარიერაში გარდამტეხი?
ასეც შეიძლება ითქვას. კონტრაქტის გაფორმება პოლ სტაროკმა შემომთავაზა, შემდეგ მის ნაცვლად სტივ უიგლი მოვიდა, რომელიც საერთოდ არ მათამაშებდა. სამაგიეროდ ჰარი რედნაპმა ყველაფერი შეცვალა - ჯეიმს ბიტის წასვლის შემდეგ, თავდასხმის ხაზი მე და კევინ ფილიპსმა დავაკომპლექტეთ და მხოლოდ მეორე წრეში 13 გოლი გავიტანე. პირველად სწორედ მაშინ ვიგრძენი, რომ პრემიერლიგისთვის მზად ვიყავი.
„ლივერპულში“ 7 მილიონ ფუნტად გადასვლის შემდეგ გოლი საწყის 18 მატჩში ვერ გაიტანე. არ ბრაზობდა რაფა ბენიტესი?
მშრალი პერიოდი მართლაც დიდხანს გამიგრძელდა. იმდენად დათრგუნული ვიყავი, მხოლოდ ერთი რამ მსურდა, რაც შეიძლება მალე დავბრუნებულიყავი „საუთჰემპტონში“. გაბრაზებული საკუთარ თავს ველაპარაკებოდი: „რა მოიფიქრე, რა გინდოდა, სად მოდიოდი“. ბედის ირონია იცით რა იყო? გატანა როდესაც დავიწყე და ფანებს თავი შევაყვარე, ბენიტესმა სათადარიგო სკამზე სწორედ ამ დროს დამსვა.
რამდენად ამაღელვებელი იყო 2006 წლის ინგლისის ასოციაციის თასის „ლივერპული“ – „ვესტ ჰემის“ გადამწყვეტ შეხვედრაში თამაში, რომელსაც „ჯერარდის ფინალი“ დაარქვეს?
დებიუტში მსაჯმა ჩემი გოლი გააუქმა, რაც მალევე დავივიწყეთ. როდესაც ლონდონელები 2:0 დაწინაურდნენ, ალან პარდიუს ფეხბურთელებმა ისეთი გამაღიზიანებელი ცეკვა დაიწყეს, ბიჭებმა ერთმანეთს გადავხედეთ და შევთანხმდით, რომ თასს მეტოქეს არ დავუთმობდით. ის მატჩი ორი ფანტასტიური გოლით ჯერარდმა მოიგო. მას შემდეგ, როდესაც ამ ტურნირის ოქროს მედალს ვუყურებ, სულ უხერხულობის გრძნობა მიჩნდება და მგონია, რომ ჩემი მედალიც სტივს უნდა ჰქონდეს.
ინგლისის ნაკრების ქომაგები სულ გაკრიტიკებდნენ, არადა ეროვნულ გუნდში 22 გოლი გაიტანე...
როდესაც ნაკრებში გამომიძახეს, ბევრისგან გამიგია ფრაზა: „ამან ფეხბურთი საერთოდ როგორ უნდა ითამაშოს?“ იგივე ფრაზები ისმოდა 2005 წლის ოქტომბერში, „ოლდ ტრაფორდზე“ „სამი ლომის“ რიგებში პოლონელებთან გამართულ სადებიუტო შეხვედრაშიც.
რატომ მოქაჩე თმებში შენზე 60 სანტიმეტრით დაბალ ბრეტ სანჩოს ინგლისი-ტრინიდადის შეხვედრაში საჰაერო ორთაბრძოლის დროს?
იმ მომენტში ვერ მივხვდი, ეს რაში მჭირდებოდა, ფოტოს ნახვისას კი ბევრი ვიცინე. როდესაც მოედანზე მოქმედებ, ყველაფერს აკეთებ ინსტიქტურად და ხან თავს ვერ აკონტროლებ. თამაშის შემდეგ კენვაინ ჯონსმა მითხრა, რომ მთელ ტრინიდადს ვძულდი და დასასვენებლად ამ ქვეყანაში ჩასვლა არასოდეს დამეგეგმა.
თვლი, რომ 2007 წელს ათენში გამართულ „მილანი“ – „ლივერპულის“ (2:1) ჩემპიონთა ლიგის ფინალში რაფა ბენიტესს ცვლილებაზე უფრო ადრე უნდა შეეყვანე?
ეს თამაში ჩემი კარიერის ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო. მახსოვს, მე და კრეიგ ბელამი თადარიგში დავრჩით, ძირითადში კი დირკ კუიტი თამაშობდა. როსონერის ზუსტად ის შემადგენლობა ჰყავდა, რომელიც 2005 წლის ფინალში და შესაბამისად უფრო მობერებული. თუ შევუტევდით, მათ დავშლიდით, მაგრამ არ შევუტიეთ და წავაგეთ. იმ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში თითქმის ყველა მატჩი ვითამაშე და გოლები ხშირად გამქონდა, რის გამოც ფინალში სათადარიგოთა შორის დარჩენა ჩემთვის კატასტროფის ტოლფასი იყო.
დირკ კუიტმა ერთ-ერთ ინტერვიუში მოჰყვა, რომ კარტინგის ტრასაზე კინაღამ დაეჯახე...
ეს ზუსტად მაგ ფინალის წინ მოხდა. პორტუგალიაში საწვრთნელ შეკრებაზე ვიყავით, როდესაც მთელი გუნდი გასართობად კარტინგზე წავედით. მანქანაში მჯდომი უცბად მივხვდი, რომ მუხრუჭები არ მუშაობდა. ჩემთან ყველაზე ახლოს კუიტი და ჩაბი ალონსო იდგნენ და ორივეს ვერ ავცდებოდი, ამიტომაც გადავწყვიტე რომ ჩაბი უფრო ღირებული იყო „ლივერპულისთვის“ და მანქანა დირკისკენ წავიყვანე. საბედნიეროდ, მან ტრასიდან გადასვლა მოასწრო, მეც სწრაფად გადმოვედი მანქანიდან, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. საკუთარ თავს ახლაც ვეკითხები, ამ ეპიზოდის გამო ხომ არ დამსაჯა ბენიტესმა და ამიტომ ხომ არ დავრჩი „მილანთან“ ფინალში თადარიგში.
ჰარი რედნაპი თანამედროვე პრემიერლიგაში წარმატებით იმუშავებდა?
მასზე ყველა ამბობს, რომ ძველი სკოლის წარმომადგენელია, თუმცა ეს მხოლოდ სიტყვებია და სხვა არაფერი. რედნაპს ნებისმიერ ფეხბურთელთან შეეძლო საერთო ენის გამონახვა.
როდის გააცნობიერე 2010 წლის მაისში „მანჩესტერ სიტის“ კარში გატანილი გოლის მნიშვნელობა, რომელმაც „ტოტენჰემს“ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოუტანა?
„დეზებს“ ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონდათ ნათამაშები და ჩემი გოლით ბრწყინვალე სეზონი ლოგიკურად დავასრულეთ. ასეთი სასიამოვნო შეგრძნება საფეხბურთო მოედანზე არასოდეს მქონია.
გარეტ ბეილზე მოგვიყევი, რომელიც ჩვეულებრივი მარცხენა მცველიდან ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს შემტევად იქცა...
მისი ყველა თანაგუნდელი ვვარაუდობდით, რომ ეს ასეც მოხდებოდა. კრიშტიანუ რონალდუ მარჯვენა მცველად რომ დააყენო, შეტევაში მისი პროდუქტიულობა შემცირდება, რადგან დაცვით სისუსტეებზე იფიქრებს. ასევე იყო ბეილი, რომელსაც როგორცკი მოქმედების თავისუფლება მიეცა, მაშინ საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინა.
ბენუა ასუ-ეკოტოზე მაინტერესებს. ინტერვიუებში ყოველთვის უცნაურად საუბრობდა...
არცკი ვიცი საიდან დავიწყო - ბენუაზე დოკუმენტური ფილმის გადაღება შეიძლება. ერთხელ, მატჩის დაწყებამდე საათნახევრით ადრე, ჩემთან მოვიდა და სრული სერიოზულობით მკითხა, რომელ გუნდს ვეთამაშებოდით. ბოლოს რაც მასზე გავიგე, პორნოგრაფიული ფილმის გადაღებას აპირებდა და რამდენად გამოუვიდა, ნამდვილად არ ვიცი.