ოფიციალურად დადასტურდა - ცნობილია, როდის გაიმართება მარსელისა და პსჟ-ს გადადებული მატჩი
„მარსელსა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის გადადებული მატჩი, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო ხვალ, საქართველოს დროით 22:00 საათზე გაიმართება. ინფორმაცია ლიგა 1-ის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.
Le nouvel horaire du Classique est connu ! ✅ pic.twitter.com/52OnQjGxtO
— Ligue 1 McDonald's (@Ligue1) September 21, 2025
შესაბამისად, „ლე კლასიკად“ წოდებული დაპირისპირება ოქროს ბურთის დაჯილდოების პარალელურად ჩატარდება. საგულისხმოა, რომ ღონისძიებაზე პსჟ-ის 8 ფეხბურთელი იყო ნომინირებული, თუმცა დაჯილდოებას ფეხბურთელთა უმრავლესობა ვერ დაესწრება.
როგორც გითხარით, გუნდებს შორის დაპირისპირება დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გადაიდო. გავრცელებული ინფორმაციით, დღეს საღამოს მარსელში ძლიერი შტორმი, წვიმა და ჭექა-ქუხილია მოსალოდნელი.
იმ ფაქტს, რომ გადადებული მატჩი ოქროს ბურთის დაჯილდოებას დაემთხვევა, საფრანგეთში უარყოფითი დამოკიდებულება მოჰყვა, თუმცა ეს გადაწყვეტილება ლიგა 1-ის წესდებით არის გამოწვეული. Le Parisien-ი წერს, რომ ექსტრემალური პირობების გარდა, თუ ლიგა 1-ის რომელიმე მატჩი ამინდის გაუარესების გამო გადაიდება და მომდევნო დღის განმავლობაში შედარებით უკეთესი ამინდია მოსალოდნელი, მაშინ მატჩი მომდევნო 24 საათის განმავლობაში უნდა გაიმართოს. აქვე გეტყვით, რომ ოქროს ბურთის დაჯილდოება საქართველოს დროით 21:00 საათიდან დაიწყება, ოქროს ბურთის მოგების მთავარ კანდიდატად კი პარიზელთა შემტევი, უსმან დემბელე მოიაზრება.
საგულისხმოა, რომ მატჩის გადადების შესახებ გამოცხადებული ინფორმაციის შემდეგ, პსჟ-ის ფეხბურთელები დაუყოვნებლივ დაბრუნდნენ პარიზში და მარსელში ხვალ დილით დაბრუნდებიან. თუ გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლითი თამაში არ აქვს, მაშინ პარი სენ-ჟერმენის ხელმძღვანელები სხვა ქალაქში დარჩენაზე უარს აცხადებენ.
რამდენიმე საათის წინ, პარიზულმა გუნდმა სამატჩო განაცხადიც გაავრცელა, რომელშიც ვიგებთ, რომ ტრავმირებულ დემბელესთან და დუესთან ერთად გუნდს ბრედლი ბარკოლაც ვერ დაეხმარება, რომელსაც კუნთებთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. ხვიჩა კვარაცხელია კი სამატჩო განაცხადშია შეყვანილი.
ლიგა 1-ში, 4 ტურის შემდეგ პსჟ-ს ქულათა მაქსიმუმი, 12 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს, „მარსელი“ კი 6 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფება.