„მინდა, ქართველი ახალგაზრდებისთვის მისაბაძი მაგალითი ვიყო“ | ხვიჩა კვარაცხელია
საფრანგეთის ლიგა 1-მა ხვიჩა კვარაცხელიაზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო, რომლის რამდენიმე ნაწყვეტიც DAZN-მა გაავრცელა. ქართველმა ფეხბურთელმა საინტერესო თემებზე ისაუბრა და ლიგა 1-მა ვილი სანიოლის კომენტარიც შემოგვთავაზა.
„ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა. ფეხბურთის თამაში მაბედნიერებს. ბედნიერი ვარ, რომ ოცნება ავიხდინე და ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. როდესაც პატარა ვიყავი, ფეხბურთელების ვიდეოები არ იდო ხოლმე. დედაჩემს მამაჩემის თამაშის კასეტები ჰქონდა შენახული და რომ ვნახულობდი როგორ გოლებს იტანდა, ჩემთვის რაღაც სასწაული იყო. მეგონა, რომ ის საუკეთესო ფეხბურთელი იყო და მისგან ბევრი რამ ვისწავლე.
როდესაც ჩემპიონთა ლიგა მოვიგე, პირველი, რაც გამახსენდა საქართველო იყო, რადგან ყველაფერი სწორედ იქ დაიწყო. საქართველოს ნაკრებსა და პარი სენ-ჟერმენში თამაში ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა. ყველაფერს, რასაც მოედანზე და მის მიღმა ვაკეთებ, მთელი ყურადღებით აკვირდებიან და მინდა, ქართველი ახალგაზრდებისთვის მისაბაძი მაგალითი ვიყო“, - განაცხადა კვარაცხელიამ.
Khvicha Kvaratskhelia : « Dans mes yeux d’enfants, mon père, c’était le meilleur. » ????
— L1+ (@ligue1plus) September 21, 2025
Retrouvez le doc exceptionnel "Il était une fois Kvara" dès la fin du Club Ligue 1+ ???? pic.twitter.com/M3WqYHKz7v
„ხვიჩა მოედანზე სათამაშოდ და მაღალი დონის საჩვენებლად გადის და არა ინსტაგრამზე დასადები ფოტოების გადასაღებად. ეს ძალიან კარგი რამაა და ვფიქრობ, სხვა ეპოქის წარმომადგენელ ფეხბურთელს ვხედავ“, - აღნიშნა სანიოლმა.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია და „პარი სენ-ჟერმენი“ მომდევნო შეხვედრას „მარსელის“ წინააღმდეგ გამართავენ. მატჩს 22 სექტემბერს ვიხილავთ და თბილისის დროით, 22:00-ზე დაიწყება.