უარი ორივე თხოვნაზე - მარსელმა სენ-ჟერმენს არაფერი დაუთმო
„ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ხვალინდელ ცერემონიას, რომლის მოგების კანდიდატიც პსჟ-ის ერთბაშად 8 ფეხბურთელია, პარიზული კლუბის ვერც ერთი მოთამაშე, ასევე სამწვრთნელო შტაბისა და პერსონალის წევრები ვერ დაესწრებიან. მიზეზი ცოტა არ იყოს უცნაური და კურიოზულიცაა - დაჯილდოების ცერემონიის დროს „სენ-ჟერმენს“ ლიგა 1-ის V ტურის მატჩის ჩატარება უწევს „მარსელთან“, რომელიც „ველოდრომზე“ წესით დღეს უნდა გამართულიყო, მაგრამ მოსალოდნელი შტორმის გამო გადაიდო. ჩემპიონატის რეგლამენტში წერია, რომ თუ რომელიმე თამაში უამინდობის გამო ვერ ტარდება, მისი გადადება 24 საათზე მეტხანს არ შეიძლება, მაგრამ კლუბებს შორის შეთანხმების შემთხვევაში, ყველაფერი შესაძლებელია.
შექმნილ რთულ მდგომარეობაში გამოსავლის პოვნა პსჟ-მა სწორედ მოლაპარაკებების გზით სცადა, მაგრამ „ოლიმპიკის“ ხისტი პოზიციის გამო ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. თავდაპირველად „სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელებმა მარსელელ კოლეგებს მატჩის შუადღის 4 საათზე ჩატარება შესთავაზეს, რათა „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებაზე ჩასვლა მოესწროთ, მაგრამ ამაზე უარი მიიღეს იმ მიზეზის გამო, რომ ზღვისპირელებისთვის სამუშაო დღეს, ასეთი პრინციპული თამაშის შუადღის 4 საათზე ჩანიშვნა გულშემატკივრების უპატივცემულობას ნიშნავს, რადგან სამსახურში ყოფნის გამო ისინი სტადიონზე მისვლას ვერ შეძლებდნენ. ამის შემდეგ გაჩნდა თამაშის 2 დეკემბერს გადატანის იდეა, რაზეც „მარსელელებისგან“ პარიზელებმა კიდევ უფრო კატეგორიული უარი მიიღეს.
ცნობისათვის, ხვალ „მარსელთან“ თამაშის ჩატარება პსჟ-ის ერთბაშად სამი ტრავმირებული შემტევის, უსმან დემბელეს, დეზირე დუესა და ბრედლი ბარკოლას გარეშე მოუწევს და აქედან გამომდინარე „ოლიმპიკის“ პოზიცია სავსებით გასაგები და ნათელი ხდება, რადგან ამაზე ხელსაყრელ დროს ისინი პრინციპულ მეტოქესთან შესახვედრად ვერ იპოვიან.