პარი სენ-ჟერმენის სავარაუდო შემადგენლობა | კრიტიკა ლიგა 1-ის ორგანიზატორების მისამართით
საფრანგეთის ლიგა 1-ის მეხუთე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ „მარსელს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა გუშინ უნდა ჩატარებულიყო, თუმცა უამინდობის გამო გადაიდო და ფრანგულ კლასიკოს დღეს, 22:00 საათზე ვიხილავთ.
მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით L’Equipe-მა სტატია გამოაქვეყნა და პსჟ-ის სავარაუდო შემადგენლობაც დაასახელა: ლუკას შევალიე, აშრაფ ჰაკიმი, მაკინიოსი, ვილიამ პაჩო, ნუნუ მენდეში, ვიტინია, ვარენ ზაირ-ემერი, ფაბიან რუისი, ხვიჩა კვარაცხელია, გონსალუ რამუში, კანგ-ინ ლი.
ფრანგულ კლასიკოზე წერილი ავტორიტეტულმა Le Parisien-მაც მოამზადა, რომელშიც საფრანგეთის ჩემპიონატის მმართველი ორგანიზაცია – LFP გააკრიტიკა. გამოცემის აზრით, პროფესიონალ ფეხბურთელთა ლიგა საკუთარ ჩემპიონატს ზიანს აყენებს, რადგან მატჩი იმავე დროს ჩანიშნეს, როცა „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია ტარდება, რომელსაც გულშემატკივარი უფასოდ უყურებს.
Le Parisien-ის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება „სიგიჟეა“. მათი აზრით, ბევრად გონივრული იქნებოდა, რომ შეხვედრა 2 დეკემბერს ჩაენიშნათ – ეს თარიღი ორივე გუნდის კალენდარში თავისუფალია და დამატებითი პრობლემაც არ შეიქმნებოდა.