„მენტალურად ძლიერი არ არის“ | თოფურიას მწვრთნელმა ცარუკიანზე ისაუბრა
ილია თოფურიას კრივის მწვრთნელმა, ხავი კლიმენტმა ესპანელ ჟურნალისტს, ალვარო კოლმენეროს ვრცელი ინტრევიუ მისცა. კლიმენტმა „ელ მატადორის“ სავარაუდო მეტოქეებზე ილაპარაკა და არმან ცარუკიანთან გასამართი პოტენციური ორთაბრძოლა განიხილა.
„არმანი შესანიშნავი მებრძოლია და ბრწყინვალე ჭიდაობა აქვს. მას თეიქდაუნის შესრულება კარგად გამოსდის და ყველაზე ძლიერი მხარე მეტოქის პარტერში დატოვება და დარტყმების მიყენებაა, თუმცა კარგი ფინიშერი ნამდვილად არ არის. ცარუკიანი ილიას პარტერში ვერ გადაიყვანს და თუ ეს როგორღაც მაინც მოახერხა, გამორიცხულია, თოფურია ფეხზე ვერ წამოდგეს.
ილიას საოცარი ჯიუ ჯიცუ აქვს და ყველამ ვნახეთ, ჩარლზ ოლივეირასთან რა მოხდა. ერთი შეხედვით ეს ძალიან მარტივია, მაგრამ რეალურად ასე არ არის და ამის უკან დიდი შრომა და თავდადება დგას. თოფურია წლებია ჯიუ ჯიცუზე მუშაობს და არმანს პარტერში უპირატესობა არ ექნება. რაც შეეხება დგომს, ცარუკიანი ფეხებს კარგად იყენებს, მაგრამ მომენტის შერჩევა მაღალ დონეზე არ გამოსდის. კრივით არ გამოირჩევა და არც რიტმი აქვს.
ჩემი აზრით, არმანი არ არის მეტოქე, რომელიც ოქტაგონში ყველაზე მეტ პრობლემას შეგვიქმნის. მარტივი ჩხუბი არ იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გავიმარჯვებთ. და კიდევ, ერთ რაღაცას გეტყვით: არმანი მენტალურად ძლიერი არ არის.“
შეგახსენებთ, რომ დიდი ალბათობით, ილია 2025 წელს აღარ იჩხუბებს. „ელ მატადორის“ შესაძლო მეტოქეებად არმან ცარუკიანს, პედი პიმბლეტსა და ჯასტინ გეიჯის ასახელებენ.