„ზოგს მუცელი სტკივა, ზოგს ხელი“ - განაწყენებულ ოლივეირას გამროტი გამოეხმაურა
12 ოქტომბერს, რიო დე-ჟანეიროში გასამართი UFC-ის ღონისძიების მთავარი ორთაბრძოლა ჩაშლის პირას არის. მას შემდეგ, როდესაც ჩარლზ ოლივეირას მეტოქემ რაფაელ ფიზიევმა ტრავმა მიიღო და ბრძოლას ჩაეხსნა, შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის მესვეურები „დუ ბრონქსისთვის“ მეტოქის მოძებნით არიან დაკავებულები, მაგრამ ჯერჯერობით სიახლე არ ჩანს. ამ ყველაფერმა ოლივეირა უზომოდ გაანაწყენა და ზოგიერთ მებრძოლს თვალთმაქცი უწოდა, თუმცა ჩარლზის განცხადებიდან მალევე მას მათეუშ გამროტმა უპასუხა და სამხრეთ ამერიკელთან დაპირისპირების სურვილი საჯაროდ გამოთქვა.
ჩარლზ ოლივეირა
ვხედავ ზოგიერთი მებრძოლის საჯარო განცხადებებს იმის თაობაზე, რომ რიო დე-ჟანეიროში სიამოვნებით იბრძოლებდნენ, თუმცა როდესაც მათ UFC-ის ხელმძღვანელები შეთავაზებით ურეკავენ, იცით რას პასუხობენ? უი არა, ვერ შევძლებ, მუცელი მტკივა, თითი მოვიტეხე, ხელი დავიზიანე და ასე შემდეგ. ისინი ნამდვილი თვალთმაქცები არიან.
მათეუშ გამროტი
ვაფასებ ოლივეირას, თუმცა მის შენიშვნას საკუთარ თავზე ვერ მივიღებ. პირიქით, UFC-ის შეფებს აქედან ვეტყვი საჯაროდ, რომ ჩარლზისთვის თვალებში ჩახედვა მისსავე სამშობლოში მსურს. ეს ნამდვილი მასტერ-კლასი იქნება და მაყურებელი დიდ შოუს იხილავს.
ცნობისათვის, ჩარლზ ოლივეირა ოქტაგონში ბოლოს ივნისის ბოლოს შევიდა და მსუბუქი წონის საჩემპიონო ორთაბრძოლაში ილია თოფურიასთან ნოკაუტით დამარცხდა. რაც შეეხება მათეუშ გამროტს, პოლონელმა 31 მაისს ლუდოვიტ კლეინი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.