„ერთად ყველაფერს შევძლებთ, ქომაგები ენერგიას მაძლევენ“ | გოგლიჩიძის ინტერვიუ
საბა გოგლიჩიძემ „უოტფორდის“ ოფიციალურ ვებგვერდს ინტერვიუ მისცა. „კრაზანების“ ქართველმა ფეხბურთელმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და მომდევნო შეხვედრაზე ისაუბრა, რომელსაც მისი გუნდი „ლესტერთან“ გამართავს.
„ჩემპიონშიფში ბევრი თამაშია, თუმცა გუნდმა დიდი დახმარება გამიწია — მთელმა სამწვრთნელო შტაბმა და ფიზმომზადების მწვრთნელებმა. ჩვენი გულშემატკივრები დიდ ენერგიას მაძლევენ. მატჩების ბოლო ხუთ წუთს თითქოს მათთან ერთად ვთამაშობ — ქომაგებისგან ენერგიას ვიღებ და სწორედ ამიტომ შევძელი ბოლო სამ შეხვედრაში 90 წუთის თამაში.
ფეხბურთში ხშირად ფიქრობენ, რომ იჯარით გადმოყვანილ ფეხბურთელებს გუნდი დიდად არ ადარდებთ, მაგრამ პირადად მე „უოტფორდი“ და მისი გულშემატკივრები ძალიან მიყვარს და მათ ენერგიასაც ვგრძნობ. მინდა, მათ მადლობა გადავუხადო, რადგან სტადიონზე მოდიან და 90 წუთის განმავლობაში ჩვენს გვერდით არიან — ამას ძალიან ვაფასებ. მოდით, ასე გავაგრძელოთ და ერთად ყველაფერს შევძლებთ.
პირადად ჩემთვის, ეს თამაშები მენტალიტეტზეა დამოკიდებული. ჩემპიონშიფში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი გვყავს და „რექსემთან“ ჩვენი მენტალიტეტი ვაჩვენეთ. თუ ყოველ მატჩში ასე ვითამაშებთ, ყველაფერი შესაძლებელია. თუ მცირე შანსი მაინც გვექნება, არასდროს უნდა დავნებდეთ და ბოლომდე ვცადოთ.
ერთნაირი მენტალიტეტი უნდა გვქონდეს და ერთმანეთს ვენდობოდეთ. ტოპ-ხარისხის ფეხბურთელები გვყავს და ერთად უნდა ვიყოთ — მწვრთნელები, მოთამაშეები და გულშემატკივრები, როგორც ერთი დიდი ოჯახი. თუ ერთად ვიქნებით, შეგვიძლია „ლესტერისა“ და ნებისმიერი სხვა გუნდის დამარცხება.
როცა პატარა ვიყავი, მახსოვს, „ლესტერმა“ პრემიერ ლიგა მოიგო. ჯეიმი ვარდი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი იყო და მას სერია A-შიც შევხვდი. „ლესტერი“ დიდი გუნდია. ისინი ცხრილის ქვედა ნაწილში არიან, მაგრამ მაინც დიდი სახელის მქონე გუნდია და არ უნდა ვიფიქროთ, რომ რადგან ქვემოთ არიან, თამაში მარტივი იქნება. მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ — შესაძლოა, ეს „რექსემთან“ მატჩზე უფრო რთული თამაშიც კი იყოს.“
ცნობისთვის, „უოტფორდს“ 55 ქულა აქვს და პლეიოფის ზონას ხუთი ქულით ჩამორჩება. „კრაზანებისა“ და „მელიების“ დაპირისპირება 21 მარტს გაიმართება, შეხვედრა თბილისის დროით 19:00-ზე დაიწყება.