თურქული მედია: დავითაშვილი ბეშიქთაშის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ რჩება
როგორც მოგეხსენებათ, ზურიკო დავითაშვილის სენტ-ეტიენი ლიგა 1-ში ვერ გადავიდა. ქართველ ფეხბურთელზე მოთხოვნა კი უფრო გაიზარდა.
თურქული გამოცემა Fanatik-ის ინფორმაციით, ბეშიქთაშისთვის ქართველი ფეხბურთელი კვლავ ერთ-ერთ მთავარ სატრანსფერო სამიზნედ რჩება.
გამოცემა წერს, რომ სტამბოლური კლუბი ქართველის დამატებას ჯერ კიდევ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრიდან ცდილობს და ინტერესი დღემდე არ განელებულა.
„ბეშიქთაში“ ახალი სეზონის წინ შეტევის ხაზის სერიოზულ გადახალისებას გეგმავს და აქტიურად განიხილავს როგორც ტროსარის, ისე დავითაშვილის ტრანსფერს.
დავითაშვილის მიმართ ინტერესს განსაკუთრებით ის გარემოება ზრდის, რომ „სენტ-ეტიენმა“ საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში ადგილი ვერ შეინარჩუნა, რის გამოც ქართველი შემტევის ტრანსფერი უფრო რეალისტურ ვარიანტად მიიჩნევა.
ამასთან, 25 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესი მხოლოდ თურქეთით არ შემოიფარგლება. Fanatik-ის ცნობით, ლიგა 2-ში მისმა გამოსვლამ არაერთი ევროპული კლუბის ყურადღება მიიპყრო და მის მიმართ ინტერესს ინგლისის პრემიერლიგის რამდენიმე გუნდიც იჩენს.
შეგახსენებთ, რომ უკვე დასრულებულ სეზონში, ზურიკომ ყველა ტურნირზე ერთად 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 16 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.