ქალთა ნაკრები ივნისის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს.
5 ივნისს, ჩვენი გუნდი ფარერის კუნძულების ნაკრებს დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს, ხოლო 9 ივნისს, ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს საქართველოს ქალთა ნაკრები საბერძნეთის წინააღმდეგ, მიხეილ მესხი 2-ზე გამართავს.
მზადების პროცესის და მოახლოებული მატჩების შესახებ ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტანმა და ნაკრების ფეხბურთელებმა - ანა პავლიაშვილმა და ლიზი კანკიამ ისაუბრეს.
ირის ანტმანი (ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "გუნდში ძალიან კარგი ატმოსფეროა. საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ და ჩვენი მიზანი ორივე მატჩის მოგებაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გულშემატკივრებმა, რომლებიც წლების განმავლობაში მუდმივად ჩვენს გვერდით იდგნენ, ამ თამაშებზეც დაგვიჭირონ მხარი. დარწმუნებული ვარ, მათი მხარდაჭერა ისევ დიდ გავლენას მოახდენს ჩვენს გუნდზე, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა.
ფარერის კუნძულებზე რთული შეხვედრა გვქონდა, თუმცა ვინც ის მატჩი ნახა, დამეთანხმება, რომ გუნდმა კარგი ფეხბურთი აჩვენა. მჯერა, საკუთარ მოედანზე ფეხბურთელები კიდევ უფრო მეტად შეძლებენ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას. თუ გარკვეულ დეტალებს გამოვასწორებთ და იმ კომპონენტებს დავამატებთ, რაც წინა შეხვედრაში დაგვაკლდა, ვფიქრობ, გამარჯვების მიღწევა შეგვიძლია.
რაც შეეხება საბერძნეთის ნაკრებს, ვიცით, რომ ძალიან ძლიერი მეტოქეა. მიუხედავად ამისა, ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერით და სრული კონცენტრაციით, იმედი გვაქვს, სასურველ შედეგს მივაღწევთ და საკვალიფიკაციო ეტაპს დადებითად დავასრულებთ".
მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა 26 ფეხბურთელი გამოიძახა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: თათია გაბუნია (ნიკე-ლუსო, თბილისი), სვეტლანა გაბელაია (ლანჩხუთი), ეკა თაბაგარი (ლანჩხუთი)
დაცვა: თამარ ტატუაშვილი (მაკაბი ხოლონი, ისრაელი), მარიამ კალანდაძე (პანათინაიკოსი, საბერძნეთი), გვანცა ქადაგიშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), ნათელა წოწერია (ბათუმი), ლიზი მწყერაშვილი (ლანჩხუთი), მარიამ კაპანაძე (ბათუმი), სოფიკო ნარსია (ლანჩხუთი)
ნახევარდაცვა/შეტევა: ნინო პასიკაშვილი (ლანჩხუთი), ნათია დანელია (ლანჩხუთი), ანა პავლიაშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), ნატა კვირკვაია (ვერე, თბილისი), კესო მეტონიძე (ნიკე-ლუსო, თბილისი), თინათინ ამბალია (სპარტა პრაღა, ჩეხეთი), ლიზი კანკია (კვარტალი, თბილისი) მაიკო ბებია (იუქსეკოვასპორი, თურქეთი), ირინა ხაბურზანია (ნიკე-ლუსო, თბილისი), ანა ჩემინავა (ჰაპოელ თელ-ავივი, ისრაელი), ნინო ბუხრიკიძე (ლანჩხუთი), თეკლა ბერიძე (ნიკე-ლუსო, თბილისი), სოფი ხელაშვილი (ოჰაიო ბოულინგ გრინი, აშშ), ეთერ სულაშვილი (ლანჩხუთი), ელენე ბოლქვაძე (ნიკე-ლუსო, თბილისი)