ჰარი კეინი, ოქროს ბურთი
Aa
Aa

კეინი: ჩემს თავზე საუბარი არ მიყვარს - 73 გოლი ყველაფერზე მეტყველებს

„ბაიერნის“ თავდამსხმელმა ჰარი კეინმა „ოქროს ბურთის“ მოგების შანსებზე ისაუბრა.

- თქვენ „ოქროს ბურთის“ ერთ-ერთი კანდიდატი ხართ. ვიცი, რომ საკუთარ დამსახურებებზე საუბარი არ გიყვართ, მაგრამ 65 მატჩში გატანილი 73 გოლი ნამდვილად შეიძლება იყოს ჯილდოს ღირსი.

„ეს რთულია. ჩემს თავზე საუბარი არასდროს მიყვარდა. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია - გასული სეზონი დაუჯერებელი იყო როგორც პირადად ჩემთვის, ისე გუნდისთვის. ეს, უდავოდ, საუკეთესო სეზონი იყო ჩემს ცხოვრებაში. მართლაც, 73 გოლი - ისტორიაში მეორე შედეგია (2011/12 წლების სეზონში ლიონელ მესის მიერ 69 მატჩში გატანილი 82 გოლის შემდეგ) და ეს ციფრი თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე. ამით წარმოუდგენლად ვამაყობ. მხოლოდ ის დამრჩენია, რომ თანაგუნდელებს და ყველას, ვინც ამის რეალობად ქცევაში დამეხმარა, მადლობა გადავუხადო.

მაგრამ „ოქროს ბურთი“ ჩემს ხელში არ არის. ყველაფერი იმ ადამიანებზეა დამოკიდებული, რომლებიც ხმას აძლევენ. ჩემი გადასახედიდან, გასული სეზონი უკვე წარსულია. ახლა მიმდინარე სეზონზე ვარ კონცენტრირებული და მინდა ვნახო, კიდევ რისი მიღწევა შემიძლია. ვიცი, რომ ოქტომბრამდე „ოქროს ბურთზე“ ბევრს ისაუბრებენ, რადგან ეს ძალიან პრესტიჟული ჯილდოა“.

- განაცხადა კეინმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები