კვარა ოქროს ბურთს აუცილებლად მოიგებს | გოგლიჩიძემ ხვიჩაზე ისაუბრა
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და უდინეზეს ქართველმა ფეხბურთელმა საბა გოგლიჩიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ვრცლად ისაუბრა. მისი აზრით, ხვიჩა ოქროს ბურთს აუცილებლად მოიგებს, თუმცა მუნდიალის გამო შესაძლოა პრიზი მიმდინარე წელს ვერ მიიღოს. ასევე, საბა აღნიშნავს, რომ კვარაცხელიას კაპიტნობისთვის ყველა თვისება აქვს.
„ქართულ ფეხბურთში ხვიჩას ძალიან დიდი როლი აქვს. შესაძლოა, ბევრმა ახალგაზრდამ არ იცის, მაგრამ მე ერთ-ერთი ვიყავი, ვინც ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიში ტრანსფერის შემდეგ მალევე იტალიაში წავიდა. მიუხედავად იმისა, რომ არა ნაპოლიში, არამედ ემპოლიში ვთამაშობდი, იგრძნობოდა, თუ რა გავლენა ჰქონდა. ახლა, ალბათ, სადაც არ უნდა წახვიდე, ყველა კვარაცხელიას ახსენებს. მას არამარტო ქართულ ფეხბურთზე, მსოფლიო ფეხბურთზეც დიდი გავლენა აქვს.
ალბათ, რასაც კვარა აკეთებს, ცოტა ხნის წინ არ დავიჯერებდით. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემპიონთა ლიგას მეორედ მოიგებს და კიდევ ბევრ წარმატებას მიაღწევს. ერთ დღეს ოქროს ბურთს აუცილებლად მოიგებს. შესაძლოა, ეს წელს მოხდეს, თუმცა რადგან საქართველო მუნდიალზე არაა, სხვა დროს მოიპოვოს.
თუ კვარას განვლილ გზას დავაკვირდებით, იტალიაში ძალიან მაგრად დაიწყო და იმის მერე ვითარდება. რომ ვფიქრობთ, აი ახლა როგორ უნდა განვითარდეს.. კიდევ ახერხებს, რომ ყველა გააკვირვოს. ვფიქრობ, კიდევ მოუმატებს, ეს არ არის მისი პიკი.
ეროვნულ ნაკრებში ძალიან დიდი როლი აქვს, როგორც კაპიტანსა და როგორც ფეხბურთელს. მისი ეროვნულ ნაკრებში ყოფნა ბევრს ნიშნავს. მას კაპიტნობისთვის ყველაფერი აქვს. მარტო მოედანს არ ვგულისხმობ. რაღაც რომ დაიწეროს, რომ ტრავმა მაქვს, მომწერს: „რა ხდება, გთხოვ ნაკრებისთვის მზად იყავი''. ძალიან ცდილობს, რომ ყველა ფეხბურთელი თამაშისთვის მზად იყოს და ყურადღება გამოხატოს. კვარაცხელიას კაპიტნობა ჩემთვის გასაკვირი არ იყო, მას ყველა ის თვისება აქვს, რაც კაპიტანს სჭირდება. უმნიშვნელოვანესია ის, რომ მოედანზე გვყავს კაპიტანი, რომელსაც მსაჯთან საუბარი და მასზე გავლენის მოხდენა შეუძლია’’.
პოპულარულმა სპორტულმა პორტალმა Goal-მა ოქროს ბურთის მთავარი პრეტენდენტების რეიტინგი განაახლა. პირველი ადგილი, ისევე როგორც თვის დასაწყისში, ბაიერნისა და ინგლისის ნაკრების ფორვარდმა ჰარი კეინმა დაიკავა. მეორე - უსმან დემბელეა, მესამე - დეკლან რაისი. ხვიჩა კვარაცხელია სიაში მე-7 პოზიციაზეა.