სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

მამუკელაშვილი საკუთარ გზაზე – სირთულეებიდან NBA-მდე

სანდრო მამუკელაშვილმა Fullcourt Passport-ის პოდკასტში, საკუთარი კარიერული გზა და სირთულეები გაიხსენა, რომლებმაც წარმატებამდე მიიყვანა.

ქართველმა კალათბურთელმა აღნიშნა, რომ კარიერის დასაწყისი საკმაოდ რთული იყო:

„თავიდან ძალიან რთული იყო, რადგან ბევრს არ სჯეროდა, რომ პროფესიონალად ჩამოვყალიბდებოდი. ოჯახიც უფრო სწავლაზე აკეთებდა აქცენტს, მაგრამ 13 წლის ასაკში უკვე დამინახეს და მეც ვუთხარი — მინდა, რომ ეს სერიოზულად ვცადო.“

ნიუ-იორკში დაბადებული, მაგრამ საქართველოში გაზრდილი მამუკელაშვილი 14 წლის ასაკში იტალიაში გადავიდა, რაც მისთვის მძიმე გამოცდილება აღმოჩნდა:

„ძალიან რთული იყო. ყოველდღე ვიღვიძებდი და საკუთარ თავს ვეკითხებოდი — მინდა თუ არა ამის გაგრძელება. ენის ბარიერი, გარემოს შეცვლა… ყველაფერი რთული იყო.“

მან განსაკუთრებულად გამოყო იტალიელი მწვრთნელი, რომელმაც მის განვითარებაში დიდი როლი ითამაშა:

„ის შესანიშნავი ახალგაზრდული მწვრთნელია. მასწავლიდა სწორ გადაწყვეტილებებს შეტევაში და ძალიან დამეხმარა.“

მამუკელაშვილმა ევროპულ და ამერიკულ კალათბურთს შორის განსხვავებაზეც ისაუბრა:

„ევროპაში ტექნიკურად ვითარდები და კარგი მოთამაშე ხდები, ამერიკაში კი ხდები მებრძოლი — სწავლობ შრომას, აგრესიას და იმას, რამდენად მნიშვნელოვანია მაქსიმალური ძალისხმევა მოედანზე.“

კოლეჯურ პერიოდზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ სწორედ Seton Hall-ში დაიწყო მისი რეალური პროგრესი:

„კოლეჯში დაიწყო ჩემი ნამდვილი განვითარება. მეორე კურსის ბოლოს უკვე იმ დონეზე ვიყავი, რომ მეც ჩემი წილი მინდოდა — მეც მინდოდა წარმატების ნაწილი ვყოფილიყავი.“

NBA-ის კარიერაზე საუბრისას მამუკელაშვილმა სხვადასხვა გუნდში მიღებული გამოცდილება გაიხსენა. განსაკუთრებით აღნიშნა ტორონტოში მუშაობა დარკო რაიაკოვიჩთან:

„ის შესანიშნავი მწვრთნელია. უყვარს სწრაფი თამაში, რაც ჩემს სტილს ძალიან ერგება. შეცდომებს აუცილებლად გაჩვენებს ვიდეოანალიზზე და მუდმივად გამოწვევებს გთავაზობს. მისი მიდგომა ასეთია — თუ არ გაჯობეს, ესე იგი საკმარისად აგრესიული არ ხარ. მე ასეთი სტილი ძალიან მომწონს.“

პირად პროგრესზეც გაამახვილა ყურადღება:

„კევინ უილარდმა ისევ დამაბრუნა იმ თავდაჯერებაში, რაც მჭირდებოდა. მან მომცა შესაძლებლობა, ვიყო ის, ვინც ვარ.“

მამუკელაშვილმა საკუთარი გზის მიმართ მადლიერებაც გამოხატა:

„ყოველ დილას მადლიერი ვიღვიძებ. პატარა ქვეყნიდან — საქართველოდან მოვდივარ და ხშირად ვფიქრობ, როგორ მოვაღწიე აქამდე.“

მომავლის გეგმებზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ სურს საქართველოსა და ევროპაში კალათბურთის განვითარებაში ჩაერთოს:

„მინდა კარიერა იქ დავასრულო და დავეხმარო ახალგაზრდებს. მაგალითად, საზაფხულო ბანაკების ორგანიზებით, მწვრთნელების ჩამოყვანით და იმ ტალანტის უკეთ წარმოჩენით, რაც საქართველოში ნამდვილად არსებობს. იმედი მაქვს, ეს ჩვენს განვითარებას დაეხმარება.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბითაძეს 5 წუთი დაუთმეს | ორლანდო მეჯიქი მოქმედ ჩემპიონთან დამარცხდა
ბითაძეს 5 წუთი დაუთმეს | ორლანდო მეჯიქი მოქმედ ჩემპიონთან დამარცხდა