კონტრშეტევა ცივსისხლიანად დაასრულა | გერმანული მედია ზივზივაძეზე
გერმანიის ბუნდესლიგის 32-ე ტურში ბაიერნი შინ ჰაიდენჰაიმთან 0:2 მარცხდებოდა, გოლები ბუდუ ზივზივაძემ და ერენ დინქჩიმ გაიტანეს, თუმცა ლეონ გორეცკამ დუბლით ანგარიში გაათანაბრა, 44-ე და 57-ე წუთებზე შეაგდო. 76-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ დუბლი შეასრულა, სწრაფი კონტრშეტევა განავითარა, დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა და მარჯვენა ფეხით შორეულ კუთხეში შეაგდო. მე-10 დამატებულ წუთზე მაიკლ ოლისეს დარტყმის შემდეგ რამაის ავტოგოლი დაფიქსირდა, შეხვედრა ფრედ 3:3 დასრულდა.
Kicker: „სტუმრები, რომელთა რიგებშიც ზანქტ-პაულისთან 2:0 მოგების შემდეგ ბეკი იბრაჰიმოვიჩმა შეცვალა, თავდაპირველად დაცვაზე ორიენტირდნენ, თუმცა დროთა განმავლობაში უფრო თამამები გახდნენ, 22-ე წუთზე იბრაჰიმოვიჩის კუთხურის შემდეგ დაჯილდოვდნენ, ბუშის ჩაწოდების შემდეგ ზივზივაძემ ბურთი ჰაერიდან კარში გადაგზავნა. ეს იყო ქართველის მეოთხე გოლი ზედიზედ მეოთხე თამაშში.
68-ე წუთე ურბიგმა, რომელმაც ნოიერი შეცვალა, დინქჩის წინააღმდეგ თავისი გუნდი ხელახალი ჩამორჩენისგან იხსნა, თუმცა ცოტა ხნის შემდეგ მეკარე მაინც დამარცხდა, რადგან 76-ე წუთზე ზივზივაძემ კონტრშეტევა ცივსისხლიანად დაასრულა და ბურთი მარჯვენა ზედა კუთხეში გაგზავნა''.
Sky Sport DE: „როდესაც ბაიერნი მთელი ძალით უტევდა, ზივზივაძემ მორიგი დიდებული დარტყმით კვლავ გამოიჩინა თავი, თუმცა ჰაიდენჰაიმის მეკარის, დიანტ რამაის ავტოგოლმა (90+10 წთ.) მიუნხენელები მარცხისგან გვიან გადაარჩინა. შესვენებაზე განხორციელებული ვარსკვლავური ცვლილებების შემდეგ ბაიერნის ზეწოლა გაიზარდა და დიანტ რამაის კართან ვითარება უცებ დაიძაბა. კუთხურის შემდეგ გორეცკამ ბურთი კარში დაამატა, მალევე კი კიმიხმა დარტყმით ხარიხას მოარტყა. ბაიერნს გაუმართლა, როდესაც ნოიერის შემცვლელმა იონას ურბიგმა დინკჩის წინააღმდეგ ჰაიდენჰაიმის ერთ-ერთი იშვიათი კონტრშეტევისას უმაღლესი დონის „სეივი'' შეასრულა, თუმცა ზივზივაძის ცხრიანში დარტყმულის წინააღმდეგ უძლური აღმოჩნდა. საბოლოოდ, მატჩის ბოლო აკორდზე ბაიერნმა წონასწორობა მაინც აღადგინა''.
მიმდინარე სეზონში 32 წლის ქართველმა ფორვარდმა 18 მატჩში 6 გოლი გაიტანა, გასულ სეზონში ბუნდესლიგის 15 მატჩში 2 გოლი შეაგდო. ასე რომ, ბუნდესლიგაში სულ მის აქტივში 8 გოლია.