Crystalbet ეროვნული ლიგა ბომბარდირმა დატოვა - სიახლეები სამგურალში
Crystalbet ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში ნახევარზე მეტი მიიწურა და გათამაშების ბომბარდირთა დავას სათავეში 9 გოლით ველისოლ ოლივეირა უდგას, რომელსაც „სამგურალში“ ვეღარ ვიხილავთ. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა გაავრცელა ოფიციალური განცხადება წასვლის თაობაზე და აღნიშნა, რომ უჭირს წყალტუბოელთა შუა სეზონში დატოვება, თუმცა როგორც ირკვევა, მან საზღვარგარეთის კლუბიდან, რომლის ვინაობასაც ჯერჯერობით არ ამხელს, სარფიანი წინადადება მიიღო, რაზეც უარს ვერ იტყოდა და კლუბთანაც წინასწარ ჰქონდა კონტრაქტში პუნქტი ჩადებული, რომ მსგავსი შემოთავაზების გამოჩენის შემთხვევაში, მას დაბრკოლებები არ შეექმნებოდა.
ერთ-ერთი ლიდერის დაკარგვის პარალელურად, „სამგურალი“ გამოცდილი ფეხბურთელებით გაძლიერდა და კლუბმა ქართველი გულშემატკივრებისთვის საკმაოდ კარგად ნაცნობი თორნიკე გაფრინდაშვილი და ირაკლი ბიძინაშვილი დაიმატა. გაფრინდაშვილი ბოლოს პოლონეთის ექსტრაკლასაში „არკაში“ ასპარეზობდა, თუმცა თავის გამოჩენის საშუალება ძირითადად შეცვლებზე ეძლეოდა, რის გამოც სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება ბიძინაშვილს, Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის პირველი წრე „იბერიაში“ გაატარა, სხვადასხვა დროს კი საზღვარგარეთ მასაც უთამაშია და სომხეთის „ნოასა“ და ლატვიის „იელგავას“ გარდა, ყაზახეთის „ჟენისის“ ღირსებასაც იცავდა.
ცნობისათვის, Crystalbet ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში ცხრამეტ ტურში დაგროვებული 25 ქულით „სამგურალი“ მეშვიდე ადგილზეა და ლიდერ „იბერიას“ 9 ქულით ჩამორჩება. ჩემპიონატს გიორგი ონიანის მომზადებული კლუბი 8 აგვისტოს, სტუმრად „მეშახტესთან“ თამაშით განაახლებს.