გურამ კაშია
Aa
Aa

ზედიზედ მეხუთედ | კაშია სლოვანთან ერთად ქვეყნის ჩემპიონი გახდა

სლოვაკეთის ჩემპიონატის საუკეთესო ექვსეულის მე-8 ტურში ბრატისლავას სლოვანმა შინ დუნაისკა სტრედა 1:0 დაამარცხა და ქვეყნის ჩემპიონი გახდა. ამ მატჩის წინ სლოვანი დუნაისკა სტრედას 7 ქულით უსწრებდა, გამარჯვების შემდეგ უშუალო კონკურენტთან სხვაობა 10 ქულამდე გაიზარდა. ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტური რჩება და ამ დროში 10-ქულიანი სხვაობის აღმოფხვრა შეუძლებელია.

61-ე წუთიდან სტუმრები 10 ფეხბურთელით თამაშობდნენ, ხოლო 79-ე წუთზე ტიგრან ბარსეგიანმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

ვლადიმირ ვაისმა 38 წლის გურამ კაშია არ ათამაშა, ქართველი ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე იჯდა. კაშია სლოვაკეთის ჩემპიონი ზედიზედ მეხუთედ გახდა, თუმცა, წინა 4 სეზონისგან განსხვავებით, მიმდინარე სეზონში მისი სათამაშო დრო მნიშვნელოვნად შემცირდა. განსაკუთრებით სეზონის მეორე ნახევარში, ბოლო ხუთ მატჩში სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თამაშში არ ჩართულა.

დუნაისკა სტრედას სასტარტო შემადგენლობაში ცოტნე კაპანაძემ და გიორგი გაგუამ ითამაშეს. პირველ ტაიმში მსაჯმა ორივეს ყვითელი ბარათი უჩვენა. 73-ე წუთზე გაგუა შეცვალეს, 85-ე წუთზე – კაპანაძე.

დუნაისკა სტრედა 55 ქულით მეორე ადგილზეა და ტრნავას 5 ქულით უსწრებს. თუ ტრნავა ამ ტურში თავის მატჩს მოიგებს, სხვაობა ორ ქულამდე შემცირდება. ჩემპიონატში კიდევ ორი ტურია დარჩენილი. ტრნავაში ორი ქართველია, ლუკა ხორხელი და გიორგი მოისწრაფიშვილი. მეოთხე პოზიციაზე სანდრო ნარიმანიძის ჟილინაა, ქართველი მცველი ჟილინასთან ერთად სლოვაკეთის თასის გამარჯვებული გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები