თუ ეს დარღვევაა, არსენალი ჩემპიონი არაა | კლოპი ტას გაუქმებულ გოლზე
ლივერპულის ყოფილი მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის აზრით, VAR-ს ტას მიერ გატანილი გოლი არ უნდა გაეუქმებინა. კლოპს ეჭვი არ ეპარება, რომ ტას გოლი უნდა ჩათვლილიყო, გერმანელმა სპეციალისტმა Magenta TV-სთან ინტერვიუში განაცხადა:
„თუ ეს გოლი წესების დარღვევითაა გატანილი, მაშინ არსენალი ინგლისის ჩემპიონი არაა, ლონდონის არსენალმა გოლების 60 პროცენტი ზუსტად ასე გაიტანა. ეს ძალიან მძიმეა.“
ტას გოლის ეპიზოდს ბუნდესნაკრების მთავარი მწვრთნელი, იულიან ნაგელსმანიც გამოეხმაურა. მან ZDF-ის ეთერში მკაფიოდ განაცხადა, რომ მსაჯის გადაწყვეტილება სრულად სკანდალი იყო.
„არის თამაშები, სადაც ბევრი გოლის გატანა შეგიძლია, და არის თამაშები, რომლებიც „ჭუჭყიანად“ (მძიმე ბრძოლაში) უნდა მოიგო. ჩვენც, ალბათ, ასე წვალებით მოვიგებდით. ახლაც ვუყურებ ამ ეპიზოდს: ეს არ არის უბრალოდ სკანდალი, ეს სრული სკანდალია. აქ ჯარიმის მსგავსი არაფერია.“
შექმნილ სიტუაციაზე განსხვავებული აზრი გამოთქვა კრისტიან შტრაიხმა ZDF-ზე, ფრაიბურგის ყოფილი მთავარი მწვრთნელის აზრით, ანტონმა პარაგვაის მეკარეს წინ გამოსვლაში შეუშალა ხელი, რაც ჩვეულებრივ სიტუაციაში ჯარიმად ითვლება, თუმცა კიდევ ერთი ექსპერტი, პატრიკ იტრიხი, სამართლიანად აღნიშნავს, რომ დღევანდელი წესებით საჯარიმოში მეკარის დაცვა ისე აღარ მუშაობს, როგორც ადრე. მისი აზრით, გოლი უნდა ჩათვლილიყო. ანტონი მართალია მეკარეს გზაზე ედგა, მაგრამ მას არც უბიძგია და არც მისი მოქმედების აქტიურად შეფერხება უცდია.
შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში გერმანიის ნაკრები პარაგვაის დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა, დამატებულ ტაიმებში ანგარიში არ შეცვლილა და პენალტების სერია ვიხილეთ, რომელიც პარაგვაიმ მოიგო.1/8-ფინალში პარაგვაი საფრანგეთი - შვედეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.