ილია თოფურია, ხორხე მასვიდალი
Aa
Aa

„ილიას მენეჯერი ან მწვრთნელი რომ ვიყო...“ | ხორხე მასვიდალის რჩევა თოფურიას

UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, ხორხე მასვიდალმა, ილია თოფურიაზე ისაუბრა. „გეიმბრედი“ „ელ მატადორის“ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და ილიას წარმომადგენლებს რჩევა მისცა.

„ილიას მართლაც ძლიერი ძვლები აღმოაჩნდა, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერი გატეხილი ჰქონდა. ეს უბრალოდ საოცრებაა. მას ოპერაცია არ დასჭირდება და ეს ნიშნავს, რომ ბევრად სწრაფად გამოჯანმრთელდება. არ მოუწევს 6-კვირიანი პაუზის აღება, როცა ქირურგიული ჩარევის გამო ისვენებ და საერთოდ ვერ ვარჯიშობ.

ახლა ილიას შეუძლია კარდიოზე იმუშაოს და მალევე დარტყმებზეც გადავა, თუმცა კონტაქტური ვარჯიშები ჯერ აკრძალული ექნება. რაც შეეხება მის მომავალს, დეკემბერში ჩხუბს ნამდვილად არ ვურჩევდი. სულ რაღაც ექვსი თვე იქნება გასული და არ მიყვარს ასეთი ახალგაზრდა მებრძოლების დაჩქარება. არ მიყვარს, როდესაც სუპერვარსკვლავს მძიმე პერიოდის შემდეგ ოქტაგონში სწრაფად აბრუნებენ.

ილიას მწვრთნელი ან მენეჯერი რომ ვიყო, წელს საერთოდ არ ვაჩხუბებდი. დროს მივცემდი, რომ კონცენტრირებული ყოფილიყო, ენერგიით დამუხტულიყო და ძალები აღედგინა. ვიცი, თოფურია რა კონკურენტუნარიანი და მებრძოლი ბიჭია. პირადად ვიცნობ და ვიცი, რომ ნამდვილი მეომარია.

ყოველთვის მაინტერესებდა, მებრძოლები ასეთი ომების შემდეგ რა დონეზე ბრუნდებიან. ნებისმიერს შეიძლება მსგავსი რამ დაემართოს, მაგრამ მათ რეალურ ძალას მაშინ ვიგებთ, როდესაც ასეთი მძიმე პერიოდის შემდეგ მაგრად ბრუნდებიან. ანდერსონ სილვას მოტეხილი ფეხი შეგვიძლია გავიხსენოთ — არის რაღაცები, რის მერეც ძველებურად ვეღარასდროს ბრუნდები, მაგრამ ილია ყველასგან განსხვავდება. ვფიქრობ, თუკი არსებობს ვინმე, ვისაც შეუძლია დაბრუნდეს და ჩემპიონის ტიტულისთვის ისევ იბრძოლოს, ეს სწორედ ილიაა.

მგონია, რომ ის რაღაცნაირად, როგორღაც მაინც იპოვის გზას. მენტალურად ყველაფერს დაალაგებს, ოქტაგონში დაბრუნდება, მოგებების მორიგ დიდ სერიას შემოგვთავაზებს და ისევ ყველა მასზე დაიწყებს ლაპარაკს. უბრალოდ არ მგონია, ეს ძალიან მალე მოხდეს. მე მის ადგილას არ ვიჩქარებდი, რადგან ძალიან ახალგაზრდაა. არაა საჭირო ხვალვე გალიაში შევუშვათ.

მას შეუძლია მოიცადოს. შეუძლია მომავალი წლის დასაწყისში, პირველ თვეებში იჩხუბოს. მთავარია დარწმუნდნენ, რომ მისი სხეული, გონება და ყველაფერი წესრიგშია. მართალია, ძვლები არ გაუტყდა, მაგრამ იმ დარტყმებისგან, რაც მიიღო, სხეულმა მაინც უდიდესი ტრავმა განიცადა. მას საოცარი ნიკაპი და გამძლეობა აქვს. ჩვეულებრივ, ვისაც გეიჯი ასე სუფთად მოარტყამს ხოლმე, ყველა ითიშება, ილიამ კი თავში არაერთი მძიმე დარტყმა მიიღო. მგონი, ერთხელ წაიქცა კიდეც, ნოკდაუნში აღმოჩნდა, მაგრამ მისი გამძლეობა უბრალოდ წარმოუდგენელია.

როგორი გამძლეობაც არ უნდა გქონდეს, გასიებული ადგილები და ზიანი არსად ქრება. ამიტომ საჭიროა ყველაფერი დაცხრეს, სხეული დამშვიდდეს და ძალების აღდგენა მოხდეს. ასე რომ, ჩემი აზრით, სჯობს პაუზა აიღოს. ყოველთვის კარგია პაუზის აღება. დააყენეთ მომდევნო წლის დასაწყისში საუკეთესო მეტოქის წინააღმდეგ და ილია ყველაფერს უმაღლეს დონეზე გაართმევს თავს.

არ მინდა ასეთი ახალგაზრდა ბიჭის ნაჩქარევად ოქტაგონში შეშვება. მით უმეტეს, რომ დროში საერთოდ არ იწვის — 39 ან 40 წლის ხომ არ არის? არა, ამ ბიჭს ყველაფერი წინ აქვს. აცადეთ, რომ როგორც წესი და რიგია, ისე დაბრუნდეს“.

შეგახსენებთ, რომ ილიას ფიზმომზადების მწვრთნელმა, ხესუს გალიომ, ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ თოფურია დეკემბერში საჩხუბრად მზად იქნება. მასვიდალმა სწორედ ამ სიტყვებთან დაკავშირებით დააფიქსირა მოსაზრება და „ელ მატადორს“ გამოცდილი მებრძოლის რჩევა მისცა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მუნდიალზე ეს პირველად მოხდა | საინტერესო ფაქტები გერმანია-პარაგვაის მატჩიდან
მუნდიალზე ეს პირველად მოხდა | საინტერესო ფაქტები გერმანია-პარაგვაის მატჩიდან