„ყველაფერი ჩვენი ბრალია“ | კიმიხმა და ჰავერცმა პარაგვაისთან წაგებაზე ისაუბრეს
გერმანიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს დაემშვიდობა. „ბუნდესმანშაფტი“ პარაგვაიმ გამოაგდო — „ლა ალბიროხამ“ პენალტების სერიაში იმარჯვა. 1/16-ფინალში განცდილი ფიასკოს შემდეგ იოზუა კიმიხმა და კაი ჰავერცმა გერმანიის ეროვნული გუნდის გამოსვლა შეაფასეს.
კაი ჰავერცი: „სიტყვები არ მაქვს. ეს ჩემი მეორე მსოფლიო ჩემპიონატია და ზედიზედ მეორედ ვერ გავედით მომდევნო ეტაპზე. ამის გამო მინდა ბოდიში მოვიხადო. ყველანი ძალიან იმედგაცრუებულები ვართ. წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ბევრი გეგმა გვქონდა. იმედების კიდევ ერთხელ გაცრუება საშინელი გრძნობაა.
ერთი გოლი გაგვიუქმეს. ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავდა; რთული იყო მომენტების შექმნა და ტემპის შენარჩუნება. პარაგვაის ნაკრები ძალიან ღრმად იცავდა თავს და დიდი ხნის განმავლობაში მაღალ სიჩქარეზე სირბილი ძნელი აღმოჩნდა. ვცდილობდით ფლანგებიდან შეგვეტია, მაგრამ, სამწუხაროდ, ამან არ გაამართლა. არ ვფიქრობ, რომ ამჯერად გამარჯვებას ვიმსახურებდით.
არ მგონია, რომ მეტოქეს ბევრი მომენტის შექმნის საშუალება მივეცით. ბურთს ვაკონტროლებდით და მომენტუმი გვქონდა, განსაკუთრებით ანგარიშის გათანაბრების შემდეგ. საქმე პენალტების სერიამდე მივიდა. იოლი არ ყოფილა, მაგრამ აქ შანსები 50/50-ზეა.
ტურნირის მსვლელობისას მოედანზე ყველაფერი უნდა დატოვო. არ ვფიქრობ, რომ ცუდი ფეხბურთი ვითამაშეთ, მაგრამ ყოველთვის რაღაც გვაკლდებოდა და ასე მოხდა დღესაც. ჩვენ, ფეხბურთელებმა, საკუთარ გულში უნდა ჩავიხედოთ და ვნახოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია უკეთესად. დიდი საფეხბურთო ქვეყნისთვის ვთამაშობთ, რომელსაც უმდიდრესი ისტორია აქვს. თუ ტურნირს ნაადრევად ეთიშები, ესე იგი დარჩენას არც იმსახურებ“.
იოზუა კიმიხი: „აქ იმისთვის ვთამაშობთ, რომ გერმანიამ ჩვენით იამაყოს. ბავშვობაში ყოველთვის ვუყურებდი, როგორ გადიოდა გერმანიის ნაკრები ნახევარფინალებსა და ფინალებში. იმ ადამიანებს, რომლებიც თამაშს სახლში უყურებდნენ, ეს ემოცია, სამწუხაროდ, ვერ მივანიჭეთ. ვფიქრობ, გერმანიაში ხალხს ახლა სჭირდება რაღაც, რითიც იამაყებს, თუმცა, სამწუხაროდ, ეს რაღაც ეროვნული ნაკრები არ არის. მოედანზე მყოფმა ფეხბურთელებმა საქმე გავაფუჭეთ და პასუხისმგებლობასაც საკუთარ თავზე ვიღებთ. ეს არ ყოფილა მწვრთნელის, მედიის, მსაჯის ან მეტოქის ბრალი. ეს მხოლოდ ჩვენი ბრალი იყო“.
ცნობისთვის, პარაგვაის ნაკრების მომდევნო მეტოქე საფრანგეთისა და შვედეთის წყვილის გამარჯვებული იქნება. რაც შეეხება „ბუნდესმანშაფტთან“ მატჩს, ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა, ხოლო „ლა ალბიროხამ“ პენალტების სერია 4:3 მოიგო.