ტორპედოს მორიგი ტრანსფერი - გამოცდილი ფრანგი შემტევი დაიმატეს
ქუთაისის „ტორპედომ“ 30 წლის ფრანგი შემტევი, ვირჯილ პინსონი დაიმატა. ინფორმაცია ამის შესახებ ქუთაისურმა კლუბმა სოციალურ ქსელში დაადასტურა.
კარიერის განმავლობაში პინსონმა საფრანგეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, სომხეთისა და ისრაელის უმაღლეს ლიგებში ითამაშა და არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩაატარა ევროტურნირებზე.
ბოლო ორი სეზონის განმავლობაში პინსონი სომხური „ნოას“ ერთ-ერთი ლიდერი იყო. სწორედ მისი დახმარებით კლუბმა ისტორიულ შედეგს მიაღწია.
„უეფას კონფერენც ლიგის გასულ სეზონში ინდივიდუალური მაჩვენებლით ვირჯილ პინსონი ტურნირის გამორჩეული ფეხბურთელი იყო. ფრანგმა შემტევმა ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი შეასრულა, რაც მის ტექნიკას, სისწრაფესა და შემტევი სტილის განსაკუთრებულ უნარებს ნათლად წარმოაჩენს“, - აღნიშნულია „ტორპედოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფრანგი ფეხბურთელი უკვე ქუთაისშია, სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კლუბთან კონტრაქტი 1,5+1 სისტემით გააფორმა.