„არსენალი უტიტულოდ დარჩება“ - სქოულზმა ფავორიტი დაასახელა
პოლ სქოულზის ფეხბურთელობის პერიოდში „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი კონკურენტი და ყველაზე პრინციპული მეტოქე ინგლისის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში „არსენალი“ იყო, რის გამოც ბუნებრივია „მეთოფეების“ მიმართ პოლი განსაკუთრებული სიმპათიებით განწყობილი არ არის. აქედან გამომდინარე, ნამდვილად არავის გაჰკვირვებია, როდესაც ვეტერანმა ნახევარმცველმა მიკელ არტეტას მომზადებულ კლუბს წლევანდელი სეზონის უტიტულოდ დასრულება უწინასწარმეტყველა.
პოლ სქოულზი
თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ინგლისის პრემიერლიგას წლევანდელ სეზონში „მანჩესტერ სიტი“ მოიგებს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ „პარი სენ-ჟერმენი“ გახდება. გადაჭრით არ ვიტყვი, რომ „არსენალი“ „ატლეტიკოს“ ბარიერის დაძლევას ვერ მოახერხებს, თუმცა დამიჯერეთ, „მეთოფეები“ სეზონს უტიტულოდ დაასრულებენ. გარდა ამისა, ვიტყვი იმასაც, რომ მათი ყველაზე დიდი მტერი „ტოტენჰემი“ პრემიერლიგიდან ჩემპიონშიპში დაქვეითდება.
შეგახსენებთ, რომ „არსენალი“ ამ ეტაპზე ინგლისის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში „მანჩესტერ სიტის“ 3 ქულით უსწრებს, თუმცა მანჩესტერელებს ერთი მატჩით ნაკლები აქვთ გამართული. რაც შეეხება „ტოტენჰემს“, „დეზები“ გასავარდნ ზონაში, მე-18 ადგილზე არიან და მეჩვიდმეტეზე მყოფ თანაქალაქელ „ვესტ ჰემს“ 2 ქულით ჩამორჩებიან.