ვახტანგ სალია
Aa
Aa

სალია სათადარიგოთა სკამზე იჯდა | ნიუკასლმა ჰალ სიტის მოუგო

ინგლისის პრემიერლიგის მე-5 ტურში „ნიუკასლმა“ შინ „ჰალ სიტის“ 2:1 მოუგო. მასპინძელთა მხრიდან გოლები ჯო ვილოკისა და ლუის ჰოლის ანგარიშზეა, ორივე გოლისას საგოლე პასი ჰარვი ბარნსმა შეასრულა. სტუმართა საპასუხო გოლი მოჰამედ-ალი ჩოს აქტივშია.

„კაჭკაჭების“ გერმანელმა მთავარმა მწვრთნელმა, მათიას იაისლემ, სამატჩო განაცხადში სარეზერვო გუნდის 4 ფეხბურთელი შეიყვანა: კირან ტომპსონი, ვახტანგ სალია, მაიკლ მილსი და მიოდრაგ პივაში.

ქართველი ტალანტი ვახო სალია პირველი გუნდის სამატჩო განაცხადში პირველად მოხვდა — მას სარეზერვო გუნდში შედეგიანი თამაში დაუფასდა. 19 წლის ფეხბურთელმა 2026-27 წლების სეზონი შესანიშნავად დაიწყო. ყველა ტურნირის ჩათვლით, „ნიუკასლის“ 21-წლამდელთა გუნდში მან 4 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა (4 საგოლე მოქმედება). პრემიერლიგის 21-წლამდელთა ჩემპიონატში მან „ტოტენჰემს“ გაუტანა; ნაციონალური ლიგის თასზე „ტამუორთის“ კარი თავით აიღო და ამავე მატჩში საგოლე პასიც შეასრულა; შემდეგ კი „იორკ სიტისაც“ გაუტანა, რომელიც ინგლისის რანგით მე-4 ლიგაში გამოდის.

2025 წლის ზაფხულიდან სალია „ნიუკასლის“ ფეხბურთელია. გასული სეზონი მას ტრავმების გამო გაუცდა, ამ სეზონში კი შესანიშნავ ფორმაშია.

„ნიუკასლის“ 21-წლამდელთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რობი სტოკდეილმა, ვახო სალიაზე ვრცლად ისაუბრა:

„ის ძალიან ძლიერი მოთამაშეა, სიმართლე რომ ვთქვათ, მას ჩვენთან ძალიან რთული დასაწყისი ჰქონდა, რადგან პირველ ორ კვირაში ბარძაყის უკანა კუნთის საკმაოდ სერიოზული დაზიანება მიიღო. ამას ოპერაცია დასჭირდა და ვფიქრობ, ამის გამო თავს ბოლომდე კომფორტულად ვერ გრძნობდა. ასე რომ, ის ჩვენთან ფორმაში ნელ-ნელა შევიდა. ახლა უკვე ტემპს კრეფს. ვფიქრობ, 100 პროცენტით მზად ჯერ კიდევ არ არის და მისგან კიდევ უფრო მეტს უნდა ველოდოთ. მიმაჩნია, რომ მას თამაშში ცოტა მეტი სიმწვავის შეტანაც შეუძლია, თუმცა მაღალი კლასი ნამდვილად აქვს. როცა მან მეტოქის ნახევარზე ბურთი ჩაჭრა, მაშინვე ვიფიქრე, რომ გაიტანდა. სწორედ ამას ვხედავთ ხოლმე ვარჯიშებზე ძალიან ხშირად“.

წარსულში „ნიუკასლში“ თემურ ქეცბაიასა და ზურაბ ხიზანიშვილს უთამაშიათ, ვახო სალია „კაჭკაჭების“ რიგებში მესამე ქართველია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პენალტის გამო გამწვავება არ იქნება“ - ინიგო პერესი მიქაუტაძე-გეიეს ინციდენტზე
„პენალტის გამო გამწვავება არ იქნება“ - ინიგო პერესი მიქაუტაძე-გეიეს ინციდენტზე