ვიქტორ ოსიმენი, ნოა ლანგი
Aa
Aa

ლანგმა თითის ნაწილი დაკარგა, ოსიმენს წინამხრის მოტეხილობა დაუდგინდა

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის საპასუხო მატჩში „ლივერპულის“ წინააღმდეგ (0:4, პირველი მატჩი – 1:0), „გალათასარაის“ შემტევმა ნახევარმცველმა, ნოა ლანგმა, თითის ნაწილი დაკარგა.

26 წლის ნიდერლანდელმა გარემარბმა, რომელიც თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო, მეორე ტაიმში „ენფილდის“ სარეკლამო ბანერთან შეჯახებისას ხელის თითი სერიოზულად დაიზიანა. ნოას სისხლდენა ჰქონდა და საკაცით გაიყვანეს. დღეს კლუბმა დაადასტურა, რომ მას თითის სერიოზული გაკვეთა აღენიშნება.

თურქი ჟურნალისტი მუსტაფა მანდევი ამტკიცებს, რომ „ნაპოლიდან“ იჯარით აყვანილ ფეხბურთელს თითის ნაწილი მოძვრა, როდესაც ხელი სარეკლამო ბანერებს შორის გაეჭედა. ამ ინფორმაციას Marca-ც ადასტურებს.

მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა – ლანგი ტკივილისგან ყვიროდა, სისხლდენის შეჩერებას კი დიდხანს ვერ ახერხებდნენ. ნოას დახმარებას „გალათასარაისა“ და „ლივერპულის“ ექიმები უწევდნენ, ფეხბურთელს ჟანგბადის ნიღაბიც კი დასჭირდა. ნიდერლანდელი სასწრაფოდ საავადმყოფოში ოპერაციის ჩასატარებლად გადაიყვანეს. ბოლო ინფორმაციით, ნიდერლანდელს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და ყველაფერმა გეგმის მიხედვით ჩაიარა.

ამ შეხვედრაში „გალამ“ ვიქტორ ოსიმენიც დაკარგა. ნიგერიელმა სერიოზული ტრავმა მიიღო.

თურქულმა კლუბმა განაცხადა, რომ 27 წლის ფეხბურთელმა პირველი ტაიმის მსვლელობისას მარჯვენა ხელის ძლიერი დაჟეჟილობა მიიღო. ვიქტორი შესვენებაზე მოტეხილობის რისკის გამო შეცვალეს.

თამაშის შემდეგ, საავადმყოფოში „გალათასარაის“ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, ოსიმენს წინამხრის მოტეხილობა დაუდგინდა. ფეხბურთელს თაბაშირი დაადეს, ოპერაციის საჭიროების შესახებ გადაწყვეტილებას კი უახლოეს დღეებში, დამატებითი გამოკვლევების შემდეგ მიიღებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები