დისკუსია გულიაშვილის პოზიციაზე - რასინგის მწვრთნელის დილემა
„რასინგის“ მთავარი მწვრთნელი ხოსე ლოპეს ალბერტო „ალბასეტესთან“ გასამართი ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 31-ე ტურის მატჩის წინ სერიოზული დილემის წინაშე დადგა. უკანასკნელი ექვსი შეხვედრის განმავლობაში მას შემტევი ხაზის დაკომპლექტების დროს დიდი არჩევანი არ ჰქონდა, რადგან სამი ტრავმირებული თავდამსხმელის გარდა, ლაზარეთში ხაიმე მატაც იმყოფებოდა. კანტაბრიული კლუბის მაღალი ინტენსივობის სათამაშო ტაქტიკიდან გამომდინარე, თამაშის ტემპის შესანარჩუნებლად ისეთი გარემარბის მსგავს მოთამაშეზე დაყრდნობა იყო საჭირო, როგორიც გიორგი გულიაშვილია. ქართველმა ფეხბურთელმა ამ რთულ სიტუაციას კარგად გაართვა თავი. არა იმდენად ბევრი გოლების გატანის უნარით, რამდენადაც მისი სხვადასხვა თვისებების გამო, გუნდში კარგად ჩაეწერა და წინა ხაზში აქტიურობის პარალელურად, დაცვის დახმარებასაც არ თაკილობდა.
თუმცა, ახლა როდესაც ასიერ ვილიალიბრე ბოლომდე გამოჯანმრთელდა და სათამაშოდ მზად არის, მწვრთნელს მოუწევს გადაწყვიტოს, დააბრუნოს ბასკი თავის საყვარელ პოზიციაზე, თუ ცენტრფორვარდად ისევ გულიაშვილი ათამაშოს. ამასთან დაკავშირებით გამოცემა Eldiariomontanes-ის ჟურნალისტმა სერხიო ერერომ დაწერა და ქართველი ფეხბურთელის მისამართით კომპლიმენტები არ დაიშურა.
რას წერენ გულიაშვილზე
ასიერ ვილიალიბრე იანვრის დასაწყისში დაშავდა და სანამ ტრავმას მიიღებდა, 10 გოლით არამხოლოდ „რასინგის“, არამედ მთლიანად სეგუნდადივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი იყო. ორთვენახევრიანი პაუზის შემდეგ როგორ ფორმაში დაბრუნდება ბასკი ფორვარდი, რთული სათქმელია. ერთი რამ კი უნდა ითქვას - სანტანდერული კლუბის ბოლო ვარჯიშის დროს, რომელიც მედიის წარმომადგენლებისთვის ღია იყო, ორმხრივი თამაშისას გულიაშვილი - გარემარბის, ხოლო ვილიალიბრე ცენტრფორვარდის პოზიციაზე ასპარეზობდა.
გიორგიმ იანვრის შემდეგ 9 შეხვედრაში 2 გოლითა და 1 საგოლე პასით გამოიჩინა თავი. მართალია მისი სამივე საგოლე მოქმედება ერთ მატჩზე მოდის, თუმცა ყოველივე ეს „სარაევოდან“ დამატებული ფეხბურთელის სარგებლიანობას ოდნავადაც არ აკნინებს. მასში არის თავმოყრილი ყველა ის თვისება, რითაც თანამედროვე ფეხბურთში შემტევი მოთამაშე ფასობს - პრესინგის დროს ენერგიის გამოჩენა, დაცვის დახმარება და რა თქმა უნდა საგოლე ალღო. ყოველივე აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ვილიალიბრე ძალიან შედეგიანი იყო, მთავარ მწვრთნელს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დიდი დაფიქრება მართებს“.
ცნობისათვის, გიორგი გულიაშვილს საკლუბო დონეზე წარმატებული ასპარეზობა საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა დაუფასა და ისრაელთან და ლიეტუვასთან ამხანაგურ მატჩებისთვის გამოიძახა. იქამდე კი გიორგი „რასინგის“ მაისურით კიდევ ერთ თამაშს ჩაატარებს - სანტანდერელები 21 მარტს „ალბასეტეს“ უმასპინძლებენ და შეხვედრა თბილისის დროით 19:15 წუთზე დაიწყება.