„ამისგან თავდაცვის მექანიზმი ისლამთან არ მუშაობს“ - პორიემ მარცხი გაიხსენა
2024 წლის 1 ივნისს, შერეული ორთაბრძოლების მოყვარულებმა UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ორთაბრძოლა იხილეს. მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო შეხვედრაში დასტინ პორიემ ისლამ მახაჩევს საკმაოდ სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა საბოლოოდ მახრჩობელა ილეთით მაინც დამარცხდა. მაშინდელი ჩხუბიდან თითქმის ორი წელია გასული და „ბრილიანტმა“ კარიერაც უკვე დაასრულა, თუმცა დასტინს იმ დაპირისპირების გახსენება ახლა მაინც სთხოვეს და მისგან ასეთი პასუხი მიიღეს:
„ისლამმა თავისი საყვარელი დ'არსის ილეთი შემისრულა, რომელსაც მისნაირად ვერავინ აკეთებს. მსგავსი რამის მცდელობა ჩემთან ჩხუბში ბევრ მებრძოლს ჰქონია და თუ მათ წინააღმდეგ ამისგან თავდაცვითი მექანიზმი ბოლომდე ამართლებდა, მახაჩევთან ეს არ მუშაობს. როდესაც ილეთის შესრულება დაიწყო, თითქოს ირგვლივ მთლიანად დაბნელდა და სისხლის მიმოქცევა შემიჩერდა - დარწმუნებული ვარ რენატო მოიკანოც ანალოგიურ რამეს იგრძნობდა“.
ცნობისათვის, დასტინ პორიემ კარიერა რამდენიმე თვის წინ, მაქს ჰოლოუეისთან ტრილოგიითა და მარცხით დაასრულა. როგორც ახლა აცხადებს, შერეული ორთაბრძოლები და ოქტაგონი ძალიან ენატრება და უბრალოდ არ იცის ახალ რეალობას როგორ შეეგუოს.