UFC-ის ყველა დროის ტოპ 5 მებრძოლი - ვოლკანოვსკის საკამათო არჩევანი
UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონმა, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ, ორგანიზაციის ისტორიის ხუთი საუკეთესო მებრძოლი დაასახელა, თუმცა სიაში ჯონ ჯონსი და ხაბიბ ნურმაგომედოვი არ შეიყვანა.
„UFC-ის ყველა დროის 5 უდიდესი მებრძოლი? პირველ რიგში, ეს არის დემეტრიუს ჯონსონი. არც კი ვიცი, რამდენი სატიტულო ბრძოლა ჰქონდა. ჩემი აზრით, ხალხს ბოლომდე არ ესმის, მაგრამ უმსუბუქეს წონაში წარმოუდგენელი კონკურენციაა. ასევე დავასახელებ ჟორჟ სენ-პიერს. კიდევ ვინ? ვფიქრობ, ისლამ მახაჩევმა უკვე საკმარისი გააკეთა იმისთვის, რომ ამ სიაში იყოს - მე მას აუცილებლად შევიყვანდი. შესაძლოა, სუბიექტური ვარ, მაგრამ დავამატებ ისრაელ ადესანიასაც. უნდა გვახსოვდეს, ვინ დაამარცხა მან - პიკში მყოფ რობერტ უიტეკერს ორჯერ მოუგო. და, რა თქმა უნდა, ანდერსონ სილვა, რომელიც ასევე დაუჯერებელ რამეებს აკეთებდა.
საპატიო ხსენება? ალბათ, ხაბიბ ნურმაგომედოვი. ის ნამდვილად იმსახურებს ამ სიაში ყოფნას. მისი შეყვანა შეიძლება იმის გამო, რომ არასდროს წაუგია, მაგრამ ჩემთვის ეს მთავარი არ არის. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვის ეჩხუბე. ის აბსოლუტურად დომინანტი იყო, მაგრამ მას არ აქვს ისეთი ძლიერი რეზიუმე, როგორც სხვებს. ჩარლზ ოლივეირასაც კი იმდენივე გამარჯვება აქვს, თუმცა წაგებებიც უფიქსირდება. ამავდროულად, ხაბიბი თავის ბრძოლებში აშკარად დომინირებდა, თითქმის არ იღებდა დაზიანებებს და მეტოქეებზე ბევრად ძლიერად გამოიყურებოდა. თუმცა, თუ კონკრეტულად რეზიუმეზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ, ისლამს უკეთესი აქვს“,
– განაცხადა ავსტრალიელმა თავის YouTube არხზე ფანების კითხვებზე პასუხისას.
ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ ბოლო ბრძოლა მიმდინარე წლის იანვარში ჩაატარა, სადაც დიეგო ლოპესთან რევანშში საჩემპიონო ქამარი წარმატებით დაიცვა. მისი შემდეგი მეტოქე კი ამ უქმეებზე, ლონდონში გასამართ UFC Fight Night 270-ის მთავარ ბრძოლაში, მოვსარ ევლოევსა და ლერონ მერფის შორის დაპირისპირებისას გამოვლინდება.