დოლიძე: სტრიკლენდმა შესაძლოა ჩიმაევის დამარცხების გზა გამონახოს
რომან დოლიძე, რომელიც შონ სტრიკლენდთან ერთად ვარჯიშობდა, ხამზატ ჩიმაევთან მოახლოებულ სატიტულო ბრძოლაში ამერიკელის ჩამოწერას არ ჩქარობს.
„ბრძოლების ბედს ყოველთვის სტილი წყვეტს. ჩიმაევი ძალიან კარგი და ძლიერი ათლეტია. ვფიქრობ, ჭიდაობაში მას ვერავინ გააჩერებს, მაგრამ სხვა საკითხია - შეძლებს თუ არა ის შონისთვის რამეს დაშავებას? მე შონთან ერთად მივარჯიშია და ვიცი, რომ მისი პარტერში გადაყვანა შესაძლებელია, მაგრამ შენარჩუნებაა რთული. ის პარტერში უნდა გადაიყვანო და მაშინვე მტკივნეული ილეთი გაუკეთო, ან დგომში გქონდეს ისეთი ფიზიკური ძალა, რომ ძალით გააჩერო.
ვფიქრობ, ხამზატს აქვს ვარიანტები, მაგრამ შონსაც შეუძლია იპოვოს გასაღები მასთან გასამკლავებლად. უკიდურესად საინტერესო ბრძოლაა - ვნახოთ, რა მოხდება“,
- განაცხადა ქართველმა მებრძოლმა სპორტულ მიმომხილველ ვლადიმერ კოლოსთან ინტერვიუში.
საშუალო წონაში სატიტულო ბრძოლა ხამზატ ჩიმაევსა და შონ სტრიკლენდს შორის 9 მაისს UFC 328-ზე მთავარი მოვლენა იქნება, ხოლო რომან დოლიძე ამ უქმეებზე, ლონდონში გასამართ ღონისძიებაზე ოქტაგონს ბრიტანელ კრისტიან ლეროი დანკანთან გაიყოფს.