ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„პარიზელთაგან ყველაზე სახიფათო იყო, მაგრამ მოლოდინები ვერ გაამართლა“ - ფრანგული მედიის შეფასება

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-5 ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ სტუმრად „მარსელს“ დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 1:0 დამარცხდა.

ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. ქართველ შემტევს გოლის გატანის რამდენიმე მცდელობა ჰქონდა, მაგრამ სამწუხაროდ მიზანს ვერ მიაღწია. იმის გათვალისწინებით, რომ პსჟ-ს გუნდის ლიდერები, უსმან დემბელე, დეზირე დუე და ბრედლი ბარკოლა ვერ ეხმარებოდნენ, შეტევაში მთავარი როლი ხვიჩა კვარაცხელიას დაეკისრა. კვარა მთელი თამაშის განმავლობაში აქტიურობდა და გოლის გატანის მცდელობასთან ერთად, საკვანძო გადაცემები და ჩვეული დრიბლინგებიც ჰქონდა და ამასთან, გუნდს დაცვაშიც ეხმარებოდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ფრანგულმა სააგენტოებმა ქართველი ფეხბურთელის თამაში შეაფასეს.

Footmercato – 6 ქულა: ქართველი ფეხბურთელი პსჟ-ს შემადგენლობაში ყველაზე სახიფათო მოთამაშე იყო, თუმცა დღევანდელ საღამოს განსხვავების შექმნა ვერ შეძლო. იმის მიუხედავად, რომ მცველების წინ აქტიურად თამაშობდა, მისი დარტყმული რულის ძელს ახლოს ჩაუარა. 54-ე წუთზე კიდევ ერთი მცდელობა ჰქონდა, მაგრამ უშედეგოდ.

Parisfans – 5 ქულა: დღეს ყველაზე ცუდი პარიზელი არ ყოფილა, მაგრამ შეტევაში შესამჩნევად აკლდა მხარდაჭერა.

90min.fr – 5 ქულა: ხან მარცხნივ, ხანაც კი ცენტრში თამაშობდა. 30-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრებასთან ახლოს იყო. მისი შესანიშნავი დარტყმა კარს მცირედით ასცდა. აქტიურობდა და იბრძოდა, ქართველი ლუის ენრიკეს გუნდიდან მთავარი საფრთხე იყო, მაგრამ ამის მეტი რეალური შანსი არ ჰქონია.

Le Parisien – 3.5 ქულა: ქართველ ფეხბურთელს ბევრი უშედეგო მცდელობა ჰქონდა, თავის თავზე თამაშს ხშირად იღებდა, თუმცა უმეტეს შემთხვევაში წარუმატებლად ასრულდება. პირველ ნახევარში ერთი მშვენიერი დარტყმა ჰქონდა, რომელიც კარს მცირედით ასცდა. იმის მიუხედავად, რომ დიდ მატჩებში ბრწყინვალებას მიეჩვია, 7-მა ნომერმა თავისი რეპუტაცია ვერ გაამართლა.

L’Equipe – 4 ქულა: „მარსელის“ პირველი გოლის დროს ბურთის შეუკავებლობის შემდეგ, დაცვაში კარგი თამაში ჩაატარა. პირველ ნახევარში კარის მიმართულებით ერთხელ დაარტყა და ამის შემდეგ გაქრა. მეორე ტაიმში კვლავ გამოჩნდა, მაგრამ ძალიან ბევრი ტექნიკური შეცდომა დაუშვა, რის გამოც რაიმე რეალური გასხვავება ვერ შექმნა.

ამ მარცხის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენმა“ ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში ლიდერობაც დაკარგა. ლუის ენრიკეს გუნდს 12 ქულა აქვს და ამდენივე ქულა აქვს „მონაკოსაც“, რომელმაც დედაქალაქურ კლუბს ბურთების უკეთესი შეფარდების გამო გადაასწრო.

ხვიჩა კვარაცხელიამ ლიგა 1-ში პარიზული გუნდის მაისურით მეოთხე შეხვედრა ჩაატარა და ჯერჯერობით, საგოლე მოქმედება არ ჰქონია. ქართველმა შემტევმა თავის გამოჩენა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ფაზის პირველ ტურში, „ატალანტას“ წინააღმდეგ გატანილი გოლით შეძლო.

პსჟ მომდევნო შეხვედრას 27 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე „ოსერის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 23:05 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პსჟ მარსელთან დამარცხდა - ხვიჩას რამდენიმე შანსი ჰქონდა
პსჟ მარსელთან დამარცხდა - ხვიჩას რამდენიმე შანსი ჰქონდა