ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

პსჟ მარსელთან დამარცხდა - ხვიჩას რამდენიმე შანსი ჰქონდა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-5 ტურში გადადებული „ლე კლასიკი“ ჩატარდა, სადაც „პარი სენ-ჟერმენი“ სტუმრად „მარსელს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 1:0 დამარცხდა. შედეგად, ლუის ენიკეს გუნდმა მიმდინარე სეზონში პირველად დაკარგა ქულები.

ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. ქართველ შემტევს გოლის გატანის რამდენიმე მცდელობა ჰქონდა, მაგრამ სამწუხაროდ მიზანს ვერ მიაღწია. იმის გათვალისწინებით, რომ პსჟ-ს გუნდის ლიდერები, უსმან დემბელე, დეზირე დუე და ბრედლი ბარკოლა ვერ ეხმარებოდნენ, შეტევაში მთავარი როლი ხვიჩა კვარაცხელიას დაეკისრა. კვარა მთელი თამაშის განმავლობაში აქტიურობდა და გოლის გატანის მცდელობასთან ერთად, საკვანძო გადაცემები და ჩვეული დრიბლინგებიც ჰქონდა და ამასთან, გუნდს დაცვაშიც ეხმარებოდა.

ხვიჩა კვარაცხელიას სტატისტიკა ასეთი იყო - ბურთთან 66 შეხება, 42-დან 36 ზუსტი პასი (86%), 1 საკვანძო პასი, 2-დან 1 ზუსტი გრძელი პასი. 9-დან 5 მოგებული პოზიციური დუელი, 1 ჯარიმა, მეტოქე 4-ჯერ დააჯარიმა. 2 განმუხტვა, 1 ვარდნა. კარისკენ 3 დარტყმა - 0 ზუსტი, 2 არაზუსტი, 1 დარტყმაც კი დაიბლოკა. 4 დრიბლინგის მცდელობიდან 1 წარმატებული დრიბლინგი. ცნობილ სტატისტიკურ პორტალ Sofascore-ზე მისი თამაში 6.6 ქულით შეფასდა.

ხვიჩას ყველა მომენტი მარსელთან:

რაც შეეხბა გოლს, „მარსელმა“ ერთადერთი გოლი შეხვედრის დებიუტში გაიტანა. პარიზელთა მეკარე, ლუკა შევალიე გამოსვლაზე აშკარად შეცდა, ამ შეცდომით კი ნაიეფ აგერდმა ისარგებლა და საბოლოოდ, გამარჯვების გოლის ავტორიც აღმოჩნდა.

ამ მარცხის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენმა“ ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში ლიდერობაც დაკარგა. ლუის ენრიკეს გუნდს 12 ქულა აქვს და ამდენივე ქულა აქვს „მონაკოსაც“, რომელმაც დედაქალაქურ კლუბს ბურთების უკეთესი შეფარდების გამო გადაასწრო.

ხვიჩა კვარაცხელიამ ლიგა 1-ში პარიზული გუნდის მაისურით მეოთხე შეხვედრა ჩაატარა და ჯერჯერობით, საგოლე მოქმედება არ ჰქონია. ქართველმა შემტევმა თავის გამოჩენა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ფაზის პირველ ტურში, „ატალანტას“ წინააღმდეგ გატანილი გოლით შეძლო.

პსჟ მომდევნო შეხვედრას 27 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე „ოსერის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 23:05 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები